თემურ თორდინავა – ბაგა-ბაღებში დარღვევის არცერთი შემთხვევა რეაგირების გარეშე არ დარჩება

მონიტორინგის სამსახურის მიერ აღმოჩენილი დარღვევების გამო თბილისის რამდენიმე საბავშვო ბაგა-ბაღის დირექტორი დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლდა. დირექტორების გათავისუფლებასთან დაკავშირებით ჩვენს კითხვებს თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელმა, თემურ თორდინავამ უპასუხა.

– ბატონო თემურ, რა გახდა ბაგა-ბაღების დირექტორების გათავისუფლების მიზეზი?
– დირექტორების გათავისუფლების მიზეზი მათზე დაკისრებული ვალდებულებების განმეორებითი დარღვევა გახდა. როგორც იცით, თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს მონიტორინგის სამსახური ბაგა-ბაღებს პერმანენტულად ამოწმებს. მონიტორინგის სამსახურის მიერ შემოწმებისას აღმოჩენილი დარღვევების შემდეგ, დირექტორებმა გაფრთხილება მიიღეს, თუმცა განმეორებითი შემოწმებისას იგივე დარღვევები ისევ დაფიქსირდა. სწორედ ამის შემდეგ მივიღეთ მათი გათავისუფლების გადაწყვეტილება.
– კონკრეტულად რა დარღვევები აღმოაჩინა მონიტორინგის სამსახურმა?
– დარღვევები უმეტესად კვებისა და საწყობის ბლოკებში აღმოჩნდა. კერძოდ, შემოწმებისას მონიტორინგის სამსახურმა საკვები პროდუქტების გადამალვის ფაქტები დააფიქსირა. ასევე დაფიქსირდა ფინანსური დარღვევებიც. სააგენტოს წესდების თანახმად კი, ბაგა-ბაღის საერთო საქმიანობის წარმართვაზე, ხარისხზე, კანონიერებასა და ეფექტურობაზე პასუხისმგებლობა ბაგა-ბაღის დირექტორს ეკისრება. მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ბაღებში მონიტორინგი რეგულარულად გაგრძელდება და დარღვევის არცერთი შემთხვევა რეაგირების გარეშე არ დარჩება. მოვუწოდებ ბაგა-ბაღების დირექტორებსა და თანამშრომლებს, მეტი პასუხისმგებლობით მოეკიდონ მათზე დაკისრებულ მოვალეობას.
თბილისის ბაგა-ბაღებს მონიტორინგის სამსახურის გარდა თბილისის მერიის შიდა აუდიტის სამსახურიც ამოწმებს. შიდა აუდიტის სამსახურის უფროსი ბადრი გიორგიძე აცხადებს, რომ მისი სამსახური 2015 წლის 1 იანვრიდან 2015 წლის 31 დეკემბრამდე პერიოდში დაფინანსების მოთხოვნის, მიღებისა და გაწეული ხარჯების მიზნობრიობას სწავლობს.
ინსპექტირების შედეგად აღმოჩნდა, რომ რიგ ბაღებში ადგილი აქვს მნიშვნელოვან დარღვევებს. მათ შორის დაფიქსირდა ბავშვთა კვებაზე გახარჯული ათეულობით ათასი ლარის ღირებულების საკვების ზედმეტად ჩამოწერის ფაქტები. ასევე დაფიქსირდა შემთხვევები, როდესაც საკვებისთვის მოთხოვნილი თანხები ბაღის დირექტორებმა სააგენტოსთან შეთანხმების გარეშე გახარჯეს სხვა დანიშნულებით.
– რამდენი ბაღი შეისწავლა აუდიტმა?
– ამ ეტაპზე მიმდინარეობს 18 ბაღის შესწავლა. უახლოეს დღეებში დაიწერება დასკვნები და რეკომენდაციები, რომელსაც გადავუგზავნით ბაღების სააგენტოს შემდგომი რეაგირებისათვის.
ბადრი გიორგიძის თქმით, შემოწმების შედეგებიდან გამომდინარე, შეიძლება ზოგიერთ ბაღში ხელმძღვანელი პირის პასუხისმგებლობის საკითხი დადგეს. მისივე განცხადებით, აუდიტის სამსახური თბილისის ბაგა-ბაღების შემოწმების გაგრძელებას გეგმავს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები