ზუგდიდში 74 დევნილ ოჯახს ბინები გადაეცათ

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრმა დავით დარახველიძემ, აჭარისა და სამეგრელო- ზემო სვანეთის სამმართველოს უფროსმა ირაკლი ქოჩუამ ზუგდიდში 74 დევნილ ოჯახს ახალი ბინების გასაღებები გადასცა.

დევნილთა სამინისტროს ინფორმაციით, ზუგდიდში, ბერანძის ქუჩა N10-ში მდებარე ყოფილი სააფთიაქო სამმართველოს შენობას დევნილთა სამინისტრომ სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩაუტარა და საცხოვრებელ ფართად გადააკეთა. სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოები ტენდერში გამარჯვებულმა სამშენებლო კომპანია შპს „ბლოკ ჯორჯიამ“ განახორციელა. პროექტის სატენდერო ღირებულებამ ერთი მილიონი ლარი შეადგინა.

აღნიშნულ შენობაში საცხოვრებელი ფართის მისაღებად, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს აჭარისა და სამეგრელო-ზემო სვანეთის სამმართველოში სულ 600 განაცხადი დაფიქსირდა, საიდანაც დევნილთა გრძელვადიანი განსახლების კრიტერიუმების შესაბამისად, 74 დევნილი ოჯახი შეირჩა.

ბინები ფარული კენჭისყრის პრინციპით განაწილდა, პროცესს სახალხო დამცველის რწმუნებული და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. კენჭისყრის საშუალებით გამოვლინდა კონკრეტულად რომელ ბინებში გადანაწილდებიან დევნილი ოჯახები.

4 – სართულიან შენობაში 74 ბინაა, აქედან 8- ერთოთახიანი, 32 – ოროთახიანი, 34 – სამოთახიანი. აღნიშნულ ობიექტზე ბინა 2008 წლის აგვისტოს ომში საბრძოლო მოქმედებების დროს დაღუპულ ბადრი ბერანძის მშობლებს გადაეცათ. ქუჩას, რომელზეც რეაბილიტირებული კორპუსია განთავსებული ბერანძის სახელი ეწოდა. კაპრალი ბადრი ბერანძე დევნილობის პერიოდში რეაბილიტირებული კორპუსის მოპირდაპირე მხარეს მდებარე სახლში ცხოვრობდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები