24 მარტს ტუბერკულოზის მსოფლიო დღე აღინიშნება

    სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტში” ტუბერკულოზის მსოფლიო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა. კონფერენცია შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ მარიამ ჯაშმა, საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ დიმიტრი ხუნდაძემ და აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მისიის დირექტორმა სტივენ ჰეიკინმა გახსნეს. წელს ტუბერკულოზის მსოფლიო დღისადმი მიძღვნილი კონფერენცია სლოგანით „გამოავლინე სამი მილიონი“ მიმდინარეობდა.

შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ინფომაციით, ღონისძიება მიზნად ისახავდა დაინტერესებული მხარეების ინფორმირებას, ტუბერკულოზის ეროვნული პროგრამის მიღწევებისა და ამჟამინდელი გამოწვევების თაობაზე. კონფერენციის მონაწილეები საქართველოში ტუბერკულოზთან ბრძოლის კუთხით არსებულ ვითარებასა და ამ მიმართულებით განსახორციელებელ ცვლილებებზე მსჯელობდნენ.

შეხვედრას ჯანდაცვის სამინისტროს, საქართველოს პარლამენტის, სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი პირები, აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს, ტუბერკულოზის ეროვნულ პროგრამაში მონაწილე სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციების და სხვადასხვა უნივერსიტეტების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

1982 წელს რობერტ კოხმა ტუბერკულოზის გამომწვევი მიკობაქტერია აღმოაჩინა, მას შემდეგ, ყოველწლიურად 24 მარტს ტუბერკულოზის მსოფლიო დღე აღინიშნება. ტუბერკულოზის მსოფლიო დღის გლობალური მიზანია დაავადების დროული გამოვლენა, მკურნალობა და განკურნების ხელშეწყობა. საჭიროა დაჩქარდეს ტექნოლოგიური პროგრესი, რათა სრულად აღმოიფხვრას ტუბერკულოზით გამოწვეული სიკვდილობა. ამ მიზნის მისაღწევად მნიშვნელოვანია გაძლიერდეს ტუბერკულოზის საწინააღმდეგო პროგრამები, რათა მაღალი ხარისხის მომსახურება მიიღოს ყველამ, ვისაც ეს სჭირდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები