„მეცხრე არხის“ სამაუწყებლო ლიცენზია გაუქმდა

   ტელეკომპანია „მეცხრე არხის“ სამაუწყებლო ლიცენზია გაუქმდა. ეს გადაწყვეტილება საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ (GNCC) დღეს, 24 მარტს მიიღო. გადაწყვეტილებას მხარი დაუჭირეს კომისიის წევრებმა: სოფიო ბრიტანჩუკმა, ირაკლი მოსეშვილმა და კომისიის თავმჯდომარემ აკაკი სიხარულიძემ. სხდომას არ ესწრებოდა კომისიის წევრი კახა ბექაური.
GNCC-ის ტელეკომპანიის ლიცენზიის გაუქმების საკითხი 20 მარტს უნდა განეხილა, თუმცა, „მეცხრე არხის“ თანამშრომელთა საინიციატივო ჯგუფის შუამდგომლობის გათვალისწინებით კომისიამ საკითხი გადადო. საინიციატივო ჯგუფის წევრებს იმედი ჰქონდათ, რომ მორიგ სხდომამდე ტელეკომპანიის წარმომადგენლებს შეხვდებოდნენ და ლიცენზიის გაუქმების პროცესის შეჩერებას შეძლებდნენ. თუმცა, როგორც საინიციატივო ჯგუფის წარმოამდგენელმა რამაზ სამხარაძემ განაცხადა, ტელეკომპანიის მფლობელებთან კომუნიკაცია არ მოხერხდა.
„მეცხრე არხი“, რომელიც ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა 2012 წელს დააფუძნა, წელიწადნახევრის განმავლობაში მაუწყებლობდა. ივანიშვილმა მისი დახურვის გადაწყვეტილება 2013 წლის ზაფხულში მიიღო. არხი 19 აგვისტოს შემდეგ ეთერში აღარ გასულა, თუმცა, ის თანამგზავრული მაუწყებლობის ლიცენზიას დღემდე ფლობდა. „მეცხრე არხის“ 100 -პროცენტიანი წილის მფლობელი შპს „აქცეპტია“. „აქცეპტის“ 80 პროცენტი ივანიშვილის მეუღლეს ეკატერინა ხვედელიძეს ეკუთვნოდა, თუმცა მან თავისი წილი 2014 წლის იანვარში ლერი კაპანაძეს 10 ათას ლარად მიჰყიდა. დარჩენილ 20 პროცენტს კი ხვედელიძის ნათესავი კახა კობიაშვილი ფლობს.

წყარო:www.media.ge

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები