ნუკრი ქანთარია: ჩვენ კოალიცია ვართ და არა ვართ შეფიცულები, ჯვარდაწერილები

კოალიცია „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოზე, სხვა საკითხებთან ერთად, გოგი თოფაძისა და „რესპუბლიკური პარტიის“ ლიდერების დაპირისპირებაზეც იმსჯელებენ, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ნუკრი ქანთარიამ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში ისაუბრა.
ქანთარია პოლიტსაბჭოზე საკითხის გატანის შემდეგ სიტუაციის დაცხრობას ვარაუდობს. მისი თქმით, წინასწარ მარჩიელობა ძნელია, თუმცა კოალიციაში არავის აქვს განზრახვა, რომ ვინმე მოიკვეთოს.
„პოლიტსაბჭოს შეკრება კვირას დაიგეგმა. საუბარი იქნება საჭირბოროტო საკითხებზე, კოალიციის პერსპექტივებზე და, ბუნებრივია, შევეხებით გოგი თოფაძისა და „რესპუბლიკური პარტიის“ ლიდერებს შორის მომხდარ ინცინდენტს. ცუდი იყო, რომ ეს ინცინდენტი პიროვნული შეურაცხყოფის დონეზე გადავიდა, მაგრამ ეს არ იყო პარტიათა შორის დაპირისპირება. კოალიციაში ამაზე საუბარი იქნება და საქმე წავა იქითკენ, რომ სიტუაცია დაცხრეს. ერთგვარი წინასაარჩევნო ღუმელი უკვე ცხელდება და უკვე ბევრი გამოჩნდა, რომ აქ ხელის მოთბობა უნდა. ალბათ კიდევ ბევრი გამოჩნდება, ვინც გაიარა „ქართულ ოცნებასთან“, იყო ჩვენთან, ან ნაწყენია… მოხდება ამ ხალხის თავის მოყრა და წარმოჩენა.
რაც შეეხება კოალიციიდან ვინმეს გასვლას, ეს კერძო აზრებია, წინასწარ მარჩიელობას არ დავიწყებ, მაგრამ არავის აქვს იმის განზრახვა, რომ ვინმე მოიკვეთოს. გეტყვით იმასაც, რომ ჩვენ კოალიცია ვართ და არა ვართ შეფიცულები, ჯვარდაწერილები, თითებგადაჭრილები ერთმანეთზე. ეს არ არის სექტა, ეს არის გარკვეული ინტერესებით შეკავშირებული კოალიცია და ვფიქრობ, ბევრი საერთო მოიძებნება, რის გამოც ჩვენ ერთად ყოფნა უნდა გავაგრძელოთ“,- განაცხადა ნუკრი ქანთარიამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები