მეტროს მუშაობა ნაწილობრივ აღდგა
მეტროსადგურ გოცირიძის მიმდებარე ტერიტორიაზე გაჩენილი ხანძრის გამო დაახლოებით 30 წუთის განმავლობაში მეტოროს პირველი ხაზის მოძრაობა შეჩერებული იყო. მეტროსადგურ ნაძალადევიში კი ელექტროენერგიის ძაბვის ვარდნის გამო მატარებელი გვირაბში გაჩერდა. მგზავრები კარის გაღებას და ვაგონიდან გამოსვლას ცდილობდნენ. როგორც “კვირას” „თბილისის ტრანსპორტის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა განუცხადა, ამ დროისთვის მგზავრები უკვე გამოჰყავთ ვაგონიდან და მალე მეტროს მოძრაობა სრულად აღდგება.
„თბილისის ტრანსპორტის“ ადმინისტრაციის ინფორმაციით, მეტრო ვარკეთილიდან სადგურის მოედნის მიმართულებით მოძრაობს, მოძრაობა აღდგენილია დიდუბე-ახმეტელის მეტროსადგურების მიმართულებითაც.
შეგახსენებთ, რომ გოცირიძის მიმდებარე ტერიტორიაზე ელექტროსადენებსა და ნაძვის ჯიშის ხეებს ცეცხლი გაუჩნდა. ამ დროისთვის ხანძარი ლიკვიდირებულია. სპეციალისტები ადგილზე მუშაობენ და ამოწმებენ არსებობს თუ არა რაიმე სახის დაზიანება. როგორც „კვირას“ თვითმხილველმა განუცხადა, მეტროს მგზავრებში ხანძარმა პანიკა გამოიწვია, თუმცა მათი ევაკუაცია საჭირო არ გახდა. ხანძრის გამომწვევი მიზეზები ამ დროისთვის უცნობია, მიმდინარეობს მოკვლევა.