ლევან ბერძენიშვილი: ბიჭებს საიდუმლოს გასწავლით: დანამატსა და პრემიაზე ოჯახში არაფერი თქვათ
„დანამატი, პრემია და სხვა, რა ოჯახის გასარკვევი საქმეა“,-ეს განცხადება საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ლევან ბერძენიშვილმა პარლამენტის სტაჟიორებთან შეხვედრისას გააკეთა და ბიჭებს ასეთი რჩევა მისცა: „ბიჭებს საიდუმლოს გასწავლით: ოჯახში ხელფასზე ყველაფერი უნდა თქვათ, მაგრამ დანამატი, პრემია და სხვა, რა ოჯახის გასარკვევი საქმეა. ეს თქვენი ფინანსური თავისუფლება უნდა იყოს“.
დეპუტატის თქმით, საქართველოში მალე გაქრება ისეთი ტერმინი, როგორიცაა, პრემია. მას კი ხელფასი და დანამატი შეცვლის.
“საჯარო სამსახურის შესახებ” ახალი კანონის ძალაში შესვლის შემდეგ, საქართველოში გაქრება ისეთი ტერმინი, როგორიცაა, პრემია და იქნება მხოლოდ ხელფასი და დანამატი. ზოგიერთი ხელფასსა და დანამატში ვერ ერკვევა. შემიძლია აგიხსნათ: მე ვარ პარლამენტის წევრი და მაქვს ხელფასი და მაქვს დანამატი, რადგან ვასრულებ სხვა საქმეს თანამდებობაზე – ვარ კომიტეტის თავმჯდომარე, სადაც გაცილებით უფრო მეტი სამუშაოა, ვიდრე უბრალოდ პარლამენტის წევრობა.
პარლამენტის წევრის პრემია ცოტა გაუგებარია. პარლამენტის წევრი ხალხმა აირჩია და როგორ გავარკვიოთ, მიროტაძე ჯობია, კორძაია თუ ქიბროწაშვილი?! რომელს უნდა მივცეთ პრემია?! ამიტომ წინა პარლამენტში არც არკვევდნენ და ყველას აძლევდნენ.
2012 წლის ნოემბერ-დეკემბერში პრემია 150 დეპუტატმა მიიღო და ამის მერე არცერთ დეპუტატს არ მიუღია. პრემია აქვთ სხვებს. 2017 წლის 1-ელი იანვრიდან კი, არ ექნება არავის. გასაგებია, მთავრობა გვთხოვს, იქნებ კანონი გადავავადოთ, რადგან პრემიები სიგიჟემდე მოსწონთ. ხომ ხვდებით, დაუგეგმავი თანხებია. ზოგიერთი სახლშიც კი არ ამბობს. აქ ბიჭები არიან და ამ საიდუმლოს გასწავლით: – ოჯახში ხელფასზე ყველაფერი უნდა თქვათ, მაგრამ დანამატი, პრემია და სხვა, რა ოჯახის გასარკვევი საქმეა, ეს თქვენი ფინანსური თავისუფლება უნდა იყოს. ეს მე ნაკლებად მეხება – საიდუმლოს შენახვა ისედაც არ მეხერხება და კარგია, რომ ისეთ დაწესებულებებთან არ მაქვს კავშირი, სადაც საიდუმლო უნდა ინახებოდეს – რაღაც წამომცდება”, – განაცხადა ბერძენიშვილმა.