ბექა ნაცვლიშვილმა ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების თავმჯდომარეებს მოუწოდა, პოლიტიკურ თამაშებში ჩართვისგან თავი შეიკავონ

თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოში კრწანისის რაიონის მაჟორიტარმა დეპუტატმა ბექა ნაცვლიშვილმა, ამავე რაიონის ერთ-ერთი ამხანაგობის თავმჯდომარესთან, ციური ასლანიშვილთან ერთად, ბრიფინგი გამართა.
დეპუტატმა 16 იანვარს „პირიმზის“ შენობაში გამართულ შეხვედრაზე ისაუბრა და ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების თავმჯდომარეებს პოლიტიკურ თამაშებში ჩართვისგან თავი შეკავებისკენ მოუწოდა. მისივე განცხადებით, შაბათს „პირიმზის“ შენობაში პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ სატელიტმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების თავმჯდომარეებთან შეხვედრა გამართეს.
„არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომავლობაზე როგორც ლოკაციის ადგილი, ისე შეხვედრის სივრცეში განთავსებული სურათები მიუთითებდა, რომლებზეც ხელისუფლების წარმომადგენლები იყვნენ გაშარჟებულნი. ეს „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ წინასაარჩევნოდ დაგეგმილი ბინძური კამპანიის ნაწილი იყო“, – განაცხადა ბექა ნაცვლიშვილმა.
მისივე განმარტებით, შეხვედრის ორგანიზატორებმა ამხანაგობების თავმჯდომარეები დაიბარეს, ორგანიზაციასთან აქტიური თანამშრომლობისკენ მოუწოდეს და მათ მხარდაჭერას და დაფინანსებას დაჰპირდნენ.
ყოველივე კი, ნაცვლიშვილის თქმით, ამხანაგობების თავმჯდომარეების პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ წარმოებულ ბინძურ წინასაარჩევნო კამპანიაში ჩათრევას ისახავს მიზნად.
„მინდა ყველა ამხანაგობის თავმჯდომარეს მოვუწოდო, ნუ მიიღებენ მონაწილეობას „ნაცმოძრაობის“ ბინძურ პიარკამპანიაში, ვინაიდან ჩვენ ერთხელ და სამუდამოდ უარი ვთქვით პრაქტიკაზე, როდესაც, პოლიტიკური ერთგულების სანაცვლოდ, ამხანაგობების თავმჯდომარეების, ბაღებისა და სკოლების დირექტორებისა და პედაგოგების პოლიტიკურ საქმიანობაში ჩათრევა და მათთვის დაფინანსების გამოყოფა ხდებოდა“, – განაცხადა ბექა ნაცვლიშვილმა და აღნიშნა, რომ რეფორმირების შედეგად ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების საქმიანობა უფრო გამჭვირვალე გახდა. „მუნიციპალიტეტთან და ჩემთან, როგორც დეპუტატთან, ურთიერთობა ღიაა. თუ ვინმეს უფრო აქტიური მონაწილეობის სურვილი აქვს პრიორიტეტების განსაზღვრასა თუ პროექტების განხორციელებაში, ამისთვის უამრავი შესაძლებლობა არსებობს, მათ შორის, მაგალითად, მე მაქვს საზოგადოებრივინ საბჭო, სადაც ყველას შეუძლია მოვიდეს და თავისი აზრი გამოთქვას“, – განაცხადა ბექა ნაცვლიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები