დავით უსუფაშვილი ლატვიის სეიმის სპიკერს შეხვდა

ლატვიაში ოფიციალური ვიზიტით მყოფი საქართველოს პარლამენტის დელეგაცია, დავით უსუფაშვილის ხელმძღვანელობით, ქვეყნის სეიმის სპიკერს ინარა მურნიეცეს შეხვდა.
ლატვიის რესპუბლიკის სეიმის სპიკერმა ქართულ დელეგაციას ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით დადებითი დასკვნის მიღება მიულოცა. მისი შეფასებით, ეს საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე დიდი წინგადადგმული ნაბიჯია.
ინარა მურნიეცეს თქმით, ლატვია, როგორც მეგობარი ქვეყანა, ამ მიმართულებით საქართველოს მხარდაჭერას კვლავ აქტიურად გააგრძელებს. დავით უსუფაშვილმა, თავის მხრივ, აღნიშნა, რომ ლატვიის ევროსაბჭოს პრეზიდენტობის პერიოდი წარმატებული იყო საქართველოსთვის, რადგან ლატვიამ ჩვენი ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი საკითხების წინ წაწევაში მნიშვნელოვანი როლი შეასრულა.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ამ წვლილისთვის ინარა მურნიეცეს მადლობა გადაუხადა.
შეხვედრაზე, ასევე, ისაუბრეს ორ ქვეყანას შორის ურთიერთობებზეც და აღნიშნეს, რომ შესაძლებელია თანამშრომლობის გაღრმავება განათლების სფეროში, რადგან სტუდენტების ინტერესი ქართული და ლატვიური განათლების სისტემის მიმართ იზრდება.
მხარეებმა საქართველოში მოახლოებული საპარლამენტო არჩევნების შესახებაც ისაუბრეს. დავით უსუფაშვილის თქმით, ის დარწმუნებულია, რომ მიუხედავად იმისა, თუ რომელი პოლიტიკური ძალებით დაკომპლექტდება შემდეგი მოწვევის პარლამენტი, საქართველოს უმაღლესი საკანონმდებლო ორგანო გააგრძელებს ლატვიის სეიმთან იმ მჭიდრო, მეგობრულ ურთიერთობას, რომელიც უკვე წლებია, გრძელდება.
შეხვედრაზე აღინიშნა, რომ შესაძლებელია, ორი ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოს აპარატის თანამშრომლებმა აქტიურად ითანამშრომლონ გამოცდილების გაზიარების კუთხითაც. თავის მხრივ, დავით უსუფაშვილმა გასული წლის 27-29 ოქტომბერს, მეხიკოში გამართულ ღია მმართველობის პარნტიორობის გლობალურ სამიტზე საქართველოს პარლამენტის მიერ მიღწეულ წარმატებაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ საქართველოს პარლამენტს შეუძლია, ღიაობისა და გამჭვირვალობის კუთხით, გამოცდილება ლატვიის პარლამენტს გაუზიაროს.
ინარა მურნიეცეს განცხადებით, ლატვიის სეიმის საქართველოს პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფში პარლამენტის წევრთა თითქმის ნახევარი შემადგენლობაა გაწევრიანებული, რაც იმაზე მეტყველებს, რომ ინტერესი არსებული ურთიერთობის შენარჩუნების, კიდევ უფრო გაღრმავებისა და განვითარებისთვის დიდია. შეხვედრაზე რეგიონულ საკითხებსა და გლობალურ გამოწვევებიც მიმოიხილეს.
საუბარი ასევე შეეხო საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციას, 2016 წლის ნატოს ვარშავის სამიტსა და საქართველოს მოლოდინებს.
როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, საქართველო ზედმიწევნით ასრულებს იმ ტექნიკურ მოთხოვნებს, რომლებიც ნატოში გასაწევრიანებლად საჭიროა. მხარეებმა იმედი გამოთქვეს, რომ ალიანსი შესაბამის პოლიტიკურ გადაწყვეტილებას მიიღებს. ლატვიის სეიმის სპიკერმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ლატვია კვლავ გააგრძელებს საქართველოსთვის მნიშვნელოვანი საკითხების მხარდაჭერას ყველა საერთაშორისო ფორმატში. საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია, რომლის შემადგენლობაშიც, დავით უსუფაშვილთან ერთად, თედო ჯაფარიძე, გიორგი კახიანი, მიხეილ მაჭავარიანი და ვიქტორ დოლიძე შედიან, ლატვიის რესპუბლიკაში ოფიციალურ ვიზიტს 19 იანვრს დაასრულებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები