მართვის მოწმობის ჩამორთმევის სანქცია, რიგ შემთხვევებში, ფულადი ჯარიმებით იცვლება

საგზაო მოძრაობისა და უსაფრთხოების წესების დარღვევისთვის დადგენილი მართვის მოწმობის ჩამორთმევის სანქცია, რიგ შემთხვევებში, ფულადი ჯარიმებით იცვლება. აღნიშნულ საკითხს “ადმინისტრაციულ სამართალდარვევათა კოდექსში” დაგეგმილი ის ცვლილებები ითვალისწინებს, რომელიც მთავრობამ პარლამენტს განსახილველად საგზაო მოძრაობის მიმართულებით, სხვადასხვა კანონპროექტთან ერთად წარუდგინა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს განმარტებით, მძოლებისთვის მართვის მოწმობის ჩამორთმევის ნაცვლად, ფულადი ჯარიმების დაკისრების ინიციატივა, ქულათა სისტემის დანერგვით არის განპირობებული.
კერძოდ, “ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით” დამუქებული სატრანსპორტო საშუალების მართვის გამო, მძღოლები მესამე და ყოველ შემდგომ ჯერზე მართვის უფლების 6-თვით შეჩერებით ჯარიმდებიან, რაც 300-ლარიანი ფულადი ჯარიმით იცვლება. მოქმედი კოდექსით, მართვის უფლების 6-თვით შეჩერებას იწვევს ერთი წლის განმავლობაში ისეთი დარღვევა, როგორიც არის სატრანსპორტო საშუალებაზე სპეციალური ციმციმა სიგნალის, ხმოვანი სიგნალის ან სპეციალური ხმამაღლა მოლაპარაკე ხელსაწყოს დაყენება, ასევე ოპერატიული ან სპეციალური სამსახურის სატრანსპორტო საშუალებებისათვის განსაზღვრული შეფერილობის გამოყენება.
პარლამენტში წარდგენილი პროექტის მიხედვით, განმეორებით ჩადენილი ეს ქმედება მძღოლის 300-ლარით დაჯარიმებას გამოიწვევს. იმ სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის შეფერხება, რომელზეც ჩართულია სპეციალური სიგნალი, ან რომელიც ესკორტს ახორციელებს, ან რომელსაც მიაცილებენ, სადღეისოდ მართვის უფლების ერთი წლით შეჩერებას ითვალისწინებს, რაც პროექტით, 100-ლარიანი ჯარიმით იცვლება.
ზემოაღნიშნული სამართალდარღვევები კი, რომელსაც სატრანსპორტო საშუალების, ტვირთის, გზის, საგზაო თუ სხვა ნაგებობის, ქონების ან ადამიანის სხეულის მსუბუქი დაზიანება მოჰყვა – გამოიწვევს მძღოლის 700 ლარით დაჯარიმებას, მისთვის მართვის უფლების 1-წლით შეჩერების ნაცვლად.
გარდა ამისა, სატრანსპორტო საშუალების გაჩერების შესახებ იმ პოლიციელის მოთხოვნის შეუსრულებლობა, რომელიც საგზაო მოძრაობის მონაწილეთა უსაფრთხოებას და ზედამხედველობს საგზაო მოძრაობის წესების დაცვას უზრუნველყოფს, მართვის უფლების 1-წლით შეჩერების ნაცვლად, 300 ლარის ოდენობით დაჯარიმებას გამოიწვევს. მძღოლის მიერ მოძრაობის დადგენილი სიჩქარის 15 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარით გადაჭარბება, რასაც შედეგად სატრანსპორტო საშუალების, ტვირთის, გზის, საგზაო თუ სხვა ნაგებობის, ქონების ან ადამიანის სხეულის მსუბუქი დაზიანება მოჰყვა, სადღეისოდ მართვის უფლების 1-წლით შეჩერებას იწვევს.
აღნიშნული სანქცია პარლამენტში წარდგენილი პროექტის მიხედვით, 500-ლარიანი ჯარიმით იცვლება. მართვის უფლების 1-წლით შეჩერება, ასევე 500-ლარიანი ჯარიმით იცვლება ისეთი ადმინისტრაციული დარღვევის ჩადინისათვის, როგორიცაა, სატრანსპორტო საშუალებებით ორგანიზებულად გზის გადაკეტვა, ჯგუფურ მოძრაობაში მონაწილეობა ქალაქში ან სხვა დასახლებულ პუნქტში, რა დროსაც სრულადაა დაკავებული გზის სავალი ნაწილი.
პარლამენტი ავტომობილებთან და საგზაო მოძრაობასთან დაკავშირებული საკანონმდებლო პაკეტის განხილვის დაწყებისთვის ემზადება. ამ თემაზე პირველი საკომიტეტო სხდომა დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა დანიშნა, რომელიც 21 იანვარს გაიმართება.
“საგზაო მოძრაობის შესახებ” კანონსა და რამდენიმე სხვა კანონში დაგეგმილი ცვლილება მარჯვენასაჭიანი და საჭეგადატანილი მანქანების რეგისტრაციის აკრძალვას და მართვის მოწმობებზე ქულათა სისტემის დაწესებას ითვალისწინებს. გარდა ამისა, საკანონმდებლო პაკეტით 3-დან 6-წლამდე ავტომობილები შეღავათიანი დაბეგვრის რეჟიმში ექცევა, ხოლო მნიშვნელოვნად იზრდება აქციზის გადასახადი 9 წელზე მეტი ასაკის ავტომობილებისთვის. შეღავთიან რეჟიმში გადადის მოპედებისა და მოტოციკლების აქციზით დაბეგვრაც.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები