დავით ნარმანია: პროექტები დროში სწრაფად უნდა განვახორციელოთ, თუმცა ამან ხარისხზე არ უნდა მოახდინოს გავლენა

თბილისის მერმა დავით ნარმანიამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ პრემიერ-მინისტრთან გუშინდელ შეხვედრაზე დავით აღმაშენებლის გამზირისა და მშრალი ხიდის მიმდებარე ტერიტორიის რეაბილიტაციის პროექტი განიხილეს.
დავით ნარმანიამ პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან გუშინ გამართულ შეხვედრაზე და პრემიერის ადმინისტრაციის განცხადებაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ განსახორციელებელი პროექტების ტემპი უნდა დაჩქარდეს, თუმცა ამით შესრულებული სამუშაოს ხარისხი არ უნდა გაუარესდეს.
თბილისის მერის თქმით, შეხვედრაზე სხვა პროექტების თაობაზეც ისაუბრეს, რომლის განხორციელება “თბილისის განვითარების ფონდს” წელს მოუწევს.
“პრემიერისა და ჩემი მოსაზრებები არის აბსოლუტურად იდენტური, რომ პროექტები დროში სწრაფად უნდა განვახორციელოთ და, მეორე მხრივ, ხარისხზე არ უნდა იქონიოს გავლენა. რამდენიმე პროექტი იქნება მნიშვნელოვანი, რომელთა განხორციელების წინამოსამზადებელი სამუშაოები ჩვენ დავიწყეთ და სატენდერო პროცედურები მიმდინარეობს. ეს იქნება აღმაშენებლის გამზირის მეორე ეტაპის სარეაბილიტაციო სამუშაოები, მშრალი ხიდის მიმდებარე ტერიტორიის ჩათვლით, ასევე გუდიაშვილის მოედნის სამუშაოები. ასევე მიმდინარეობს სამუშაოები ღვინის აღმართზე, რომელიც გაზაფხულზე დასრულდება, ისევე როგორც რამდენიმე ხიდის აღდგენის პროექტი ხორციელდება. ზამთრის სეზონის დასრულების შემდეგ დაზიანებული გზების აღდგენის პროექტებს დავიწყებთ. ასე, რომ წელი დატვირთული იქნება პროექტებით, არ მოვასვენებთ არცერთ სამსახურს, დღე და ღამე ვამუშავებთ, რათა მაქსიმალურად დროულად და ხარისხიანად გავაკეთოთ ყველა პროექტი”, – განაცხადა დავით ნარმანიამ.
როგორც დედაქალაქის მერმა აღნიშნა, პრემიერ-მინისტრთან შეხვედრაზე ასევე ითქვა, რომ კომპანიები, რომლებიც ტენდერში გაიმარჯვებენ, მათ მიმართ გამკაცრდება ხელშეკრულებით გათვალისწინებული ზომები, რათა მეტი პასუხისმგებლობით მოეკიდონ საქმეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები