დიმიტრი ქუმსიშვილმა კაპიტალური ბაზრის რეფორმასთან დაკავშირებით შეხვედრა გამართა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში კაპიტალური ბაზრის კონცეფცია განიხილეს. კაპიტალური ბაზრის რეფორმასთან დაკავშირებით ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა სამუშაო შეხვედრა გამართა, რომელსაც ესწრებოდნენ: ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტი არჩილ მესტვირიშვილი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ირმა ქავთარაძე, საპენსიო რეფორმის სამსახურის უფროსი ოთარ ძიძიკაშვილი, ასევე ფინანსთა სამინისტროსა და საქართველოს საფონდო ბირჟის წარმომადგენლები.
ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, მხარეებმა შეხვედრაზე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, ეროვნული ბანკისადა ფინანსთა სამინისტრო მიერ შემუშავებული კაპიტალური ბაზრის კონცეფცია განიხილეს. საფონდო ბირჟის მენეჯმენტმა მთავრობის სამოქმედო გეგმა მოისმინა, რაც მოიცავს სააქციო ფასიანი ქაღალდების, კორპორატიული ობლიგაციების, დერივატივებისა და სხვა ინსტრუმენტების დანერგვას. ბირჟის წარმომადგენლებმა პოზიტიურად შეაფასეს მთავრობის სამოქმედო გეგმა და წარმოადგინეს თავიანთი ხედვა აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით.
როგორც შეხვედრაზე დიმიტრი ქუმსიშვილმა აღნიშნა, კაპიტალური ბაზრის განვითარება წარმოადგენს უმნიშვნელოვანეს ინსტრუმენტს და წინაპირობას ეკონომიკური აქტივობის ზრდისათვის. მისი განცხადებით, კაპიტალური ბაზრის გააქტიურება შესაძლებლობას მისცემს კომპანიებს, მოიზიდონ გრძელვადიანი ფულადი რესურსი ადგილობრივ ვალუტაში, რაც ამ ეტაპზე პრობლემას წარმოადგენს. შეხვედრაზე ითქვა, რომ წლის ბოლომდე დაგეგმილია სხვადასხვა მიმართულებით საკანონმდებლო აქტების შემუშავება და ბირჟის ინფრასტრუქტურული გაუმჯობესება, რაც თვისობრივად ახალ გარემოს შექმნის კაპიტალური ბაზრის განვითარებისთვის.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები