ნინო გვენეტაძე: მამუკა ახვლედიანის აზრს მოსამართლეთა დიდი ნაწილი არ იზიარებს

მამუკა ახვლედიანის მიერ გაკეთებული განცხადებები, არის მისი პირადი პოზიცია და მას საქალაქო სასამართლოს მოსამართლეთა უდიდესი ნაწილი არ იზიარებს, – ამის შესახებ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ ნინო გვენეტაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
როგორც მან საქალაქო სასამართლოში მოსამართლეთა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების შეხვედრის დასრულების შემდეგ განმარტა, მათ შეხვედრაზე მოისმინეს მამუკა ახვლედიანის განცხადებები.
“მოვისმინეთ როგორც საბჭოს წევრების პოზიციები, ასევე სასამართლო კორპუსის პოზიციები და მოვუსმინეთ ბატონ მამუკა ახვლედიანს. მან მრავალ საკითხზე საკუთარი პოზიცია დააფიქსირა. მიანიშნა გარკვეულ საკითხებზე, რომ არის ინტერპრეტაცია განსხვავებულად გაკეთებული, თუმცა, რიგ საკითხებზე გააკეთა კომენტარები, რომ ის არის უკმაყოფილო საერთო სასამართლოების შესახებ ორგანული კანონში არსებული ბევრი ჩანაწერით, რომელიც მოსამართლეთა დანიშვნის კრიტერიუმებს უკავშირდება. ასევე სამწლიან საგამოცდო ვადაზე დასვა მან პრობლემები და ისურვა, რომ საბჭოს ჰქონდეს უფრო გამჭვირვალე კრიტერიუმები.
მან აღნიშნა, რომ მომავალშიც გააკეთებს განცხადებებს ამ საკითხებთან დაკავშირებით. თუმცა გამოიკვეთა ერთი პოზიცია, რომ მისი განცხადებები არის მხოლოდ მისი შეხედულებები და არ არის თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლეთა პოზიცია”, – განაცხადა ნინო გვენეტაძემ.
საქალაქო სასამართლოში იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებისა და საქალაქო სასამართლოს მოსამართლეთა შეხვედრა თითქმის 3 საათს მიმდინარეობდა.
სხდომაზე საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარის მიერ 29 დეკემბერს და დღეს გაკეთებული განცხადებები განიხილეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები