გიორგი კვირიკაშვილი: 2016 წელი იქნება თქვენი წარმატებების წელი!

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი საზოგადოებას ახალ წელს ულოცავს.
“კვირა” პრემიერის მილოცვის ტექსტს უცვლელად გთავაზობთ:
“მეგობრებო, გილოცავთ ახალ წელს! გისურვებთ მშვიდობას, ჯანმრთელობას, კეთილდღეობას თქვენ, თქვენს ოჯახებს, თქვენთვის ძვირფას ყველა ადამიანს. ახალ წელს გილოცავთ ყველას, ვინც ყოველდღიურად და, შესაძლოა, ამ წუთებშიც ასრულებთ სამსახურებრივ მოვალეობას! განსაკუთრებით ვულოცავ საერთაშორისო მისიების მონაწილე სამხედროებს, რომლებიც სამშობლოდან შორს საქართველოს ინტერესებს იცავენ, ასევე უცხოეთში მცხოვრებ ჩვენს თანამემამულეებს. ახალ წელს ვულოცავ ჩვენი ქვეყნის ყველა მეგობარს, ვინც საქართველოს გვერდით უდგას და გულშემატკივრობს. მივმართავ ჩვენს აფხაზ და ოს ძმებს და დებს! მინდა იცოდეთ, რომ საქართველოს ყველა მიღწევა, ყველა წარმატება თქვენიც არის, თუმცა, მხოლოდ ჩვენი ერთიანობით იქნება ეს წარმატება სრულყოფილი.
2016 წელს ვხვდებით ახალი რეალობით – საქართველომ გადადგა ისტორიული ნაბიჯები ევროპასთან დაახლოების გზაზე. სწორედ ამიტომ, უნდა გვჯეროდეს, რომ ჩვენ ავაშენებთ ქვეყანას, სადაც ჩვენს ოჯახებს, ჩვენს შვილებს უკეთესი ხვალინდელი დღე ექნებათ! დამდეგი ახალი წელი განსაკუთრებით მინდა მივულოცო ახალგაზრდებს! 2016 წელი იქნება თქვენი წარმატებების წელი! თქვენშია ყველაზე დიდი პოტენციალი და ჩვენ, ყველა თქვენს წამოწყებას და იდეას გვერდით დავუდგებით! მჯერა, რომ საქართველოს სიძლიერე სწორედ თითოეული თქვენგანის წარმატებაზეა დამოკიდებული. მეგობრებო! მიუხედავად სიძნელეებისა, ჩვენი სამშობლო აუცილებლად გახდება წელში გამართული, ეკონომიკურად ძლიერი. საქართველო იქნება შესაძლებლობების ქვეყანა, თავისუფალი მოქალაქეების ქვეყანა, სადაც ყველა შეძლებს საკუთარი თავის, საკუთარი იდეების რეალიზებას, სადაც ქვეყნის წარმატება დამოკიდებული იქნება თითოეული ჩვენგანის შრომაზე. ამისთვის საჭიროა ერთადერთი რამ, რომ თითოეულ ჩვენგანში არსებული უზარმაზარი დადებითი მუხტი მივმართოთ მხოლოდ და მხოლოდ ერთი მიზნისკენ – ჩვენი სამშობლოს, ჩვენი ქვეყნის აღმსენებლობისკენ. ყველას გისურვებთ სიმშვიდეს, მიმტევებლობას, ერთმანეთის სიყვარულს და უკეთესი მომავლის რწმენას, რაც ყველას ასე ძალიან გვჭირდება. მე მჯერა, რომ ჩვენ ერთად ყველაფერს შევძლებთ! გილოცავთ 2016 წელს! ღმერთი იყოს თქვენი, თქვენი ოჯახების და მთელი საქართველოს მფარველი”! – ნათქვამია მილოცვის ტექსტში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები