ბიძინა ივანიშვილი: ვინც ცდილობს, რომ პრეზიდენტის რეზიდენციის თემა “გააპრავოს”, არ გამოუვა
„კვირიკაშვილსაც და გუნდის სხვა წევრებსაც, ვინც ცდილობს, რომ პრეზიდენტის რეზიდენციის თემა “გააპრავოს”, არ გამოუვათ, – ამის შესახებ ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა გადაცემა “2030”-ის ეთერში, პრეზიდენტის რეზიდენციასთან დაკავშირებით დასმული შეკითხვის პასუხად განაცხადა.
ივანიშვილმა პრეზიდენტის ავლაბრის რეზიდენციის ირგვლივ განვითარებული მოვლენები “კავკასიურ ცარცის წრეს” შეადარა და აღნიშნა, რომ გიორგი მარგველაშვილიც, ისევე, როგორც ნაწარმოების ერთ-ერთი პერსონაჟი, საკუთარი სურვილების ასასრულებლად მზად არის გაწიროს საკუთარი შვილი, რომელიც ამ შემთხვევაში საქართველოა.
“როგორც “კავკასიური ცარცის წრეში” გენეტიკურ დედას შვილი საკუთარი ახირების გამო შეუძლია გაგლიჯოს, აქ არის ეს კაცი. როდესაც ნახეს გუნდის წევრებმა, ვისთვისაც ძვირფასია ჩვენი სახელმწიფო, ძვირფასია ჩვენი ერთობა, აგრძელებენ ამ თემას, რომ მათთვის არის ძვირფასი ეს ბავშვი – ჩვენი ქვეყანა და იძულებულნი არიან მსგავსი განცხადებები გააკეთონ. თუმცა, კვირიკაშვილს და გუნდის სხვა წევრებსაც შევახსენებ, ვინც ცდილობენ ეს “გააპრავონ”, რომ არ გამოუვათ.
თუმცა მე მესმის მათი პოზიცია და პატივს ვცემ, მაგრამ მედალს აქვს ორი მხარე. ის, რომ ათეულობით მილონ დოლარს ეს კაცი ხარჯავს საკუთარი სურვილების ასრულების გამო და არ გადადის იმ რეზიდენციაში, რომელიც მას ეკუთვნის, ამიტომ საზოგადოების დიდ ნაწილს და მათ შორის მეც ეს მუდმივად გვექნება საკრიტიკოდ”, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.