ბიძინა ივანიშვილი: მარგველაშვილმა სააკაშვილზე მეტი ხელისუფლება მოისურვა
მარგველაშვილმა სააკაშვილზე მეტი ხელისუფლება მოისურვა, უნდოდა საკუთარი გუნდის და პრემიერ-მინისტრის უფროსი ყოფილიყო და დაპირისპირების მიზეზიც სწორედ ეს გახდა. ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრემიერმა, ბიძინა ივანიშვილმა GDS-ის ეთერში განაცხადა.
როგორც ივანიშვილმა აღნიშნა, პრეზიდენტი მარგველაშვილი საოცარ უფლებებს მოითხოვდა, იმ უფლებებს, რომლებიც საქართველოს კონსტიტუციით არ ჰქონდა მინიჭებული.
მას მიაჩნია, რომ ხელისუფლების ნაწილმა, მათ შორის, გიორგი მაგველაშვილმა სასამართლო სისტემაზე ზეწოლა განიზრახა.
“არ უნდა ჩაერიოს ხელისუფლების არც ერთი შტო სასამართლოს საქმიანობაში. სასამართლო თვითონ არის ხელისუფლების ერთ-ერთი ნაწილი. ეს მოვახერხეთ ჩვენ და ჩემი აზრით, რაც ხდება დღეს მურუსიძის თემასთან დაკავშირებით, სწორედ რომ დაირღვა ის, რასაც მე ვცდილობდი არ დარღვეულიყო. ხელისუფლების ნაწილმა და პრეზიდენტი არის ხელისუფლების ნაწილი, აშკარად გამოკვეთილად დაიწყო სასამართლოზე ზეგავლენის მოპოვების მცდელობა. სწორედ რომ პრეზიდენტმა, რომელმაც დასაწყისშივე, მოსვლისთანავე და ჩვენი პოლემიკის და დაპირისპირების მიზეზიც, თუ გნებავთ ეს იყო, მოისურვა სააკაშვილზე მეტი ხელისუფლება. თავის დროზე უსუფაშვილს 7-ჯერ დავაწერინეთ კონსტიტუცია თუ რა უფლებები შეიძლება ჰქონოდა პრეზიდენტს საპარლამენტო რესპუბლიკაში. პრეზიდენტმა შვიდივეზე უარი თქვა და რაღაც საოცრებებს ითხოვდა და ის, რომ პრეზიდენტმა მოახერხა საკუთარ გუნდთან დაპირისპირება, მიზეზი სწორედ ეს გახლავთ, რომ მას უნდოდა უფროსი ყოფილიყო ამ გუნდის. მას სურდა ყოფილიყო პრემიერის უფროსიც და ეკარნახა. ამის მაგალითები ბევრია. ამას ვერ ახერხებდა და ამ პროცესში სასამართლოზე გადაწყვიტა ზეგავლენის მოხდენა. ამას ემსახურება ახლა მურუსიძის პროცესი”, – განაცხადა ივანიშვილმა.