IDFI- პრეზიდენტის ადმინისტრაციამ 2015 წელს 7 ძველი ავტომობილიდან 5 ახლით ჩაანაცვლა

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) ინფორმაციით, პრეზიდენტის ადმინისტრაციამ 2015 წელს 7 ძველი ავტომობილიდან 5 ახლით ჩაანაცვლა.შესყიდვების ღირებულების ფასთა შორის სხვაობამ კი, ჯამში, 108 000 ლარი შეადგინა.
აღნიშნულ ინფორმაციას ორგანიზაცია პრეზიდენტის ადმინისტრაციის მხრიდან მიწოდებულ მასალებზე დაყრდნობით ავრცელებს.
IDFI-ის ცნობით, 2015 წლის 17 აგვისტოს მდგომარეობით, პრეზიდენტის ადმინისტრაციის სამივლინებო ხარჯებმა 104 252 ლარი შეადგინა.
„საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ 2015 წლის 17 აგვისტომდე გაწეული 104 252 ლარის ოდენობის ხარჯიდან 58 204 ლარი შეადგენს სასტუმროს მომსახურების ხარჯს, 29 384 ლარი – დღიურ ხარჯს, ხოლო 15 826 ლარი – მგზავრობის ხარჯს. ყველაზე დიდი სამივლინებო ხარჯი ადმინისტრაციის მიერ გაწეულია 10-12 მაისს, საქართველოს პრეზიდენტის და მისი დელეგაციის ბელგიაში ვიზიტის ფარგლებში. აღნიშნული ვიზიტის ფარგლებში პრეზიდენტის სასტუმროს მომსახურების ხარჯმა შეადგინა 11 546 ლარი.
ადმინისტრაციის უფროსის მოადგილეებმა სამი თვის განმავლობაში თანამდებობრივი სარგოს ოდენობის პრემია მიიღეს”, – ნათქვამია ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ამავე ინფორმაციის თანახმად, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციას 2015 წლის (იანვარი-აგვისტო) განმავლობაში საკონსულტაციო მომსახურებაზე სახელმწიფო შესყიდვა არ განუხორციელებია.
პრეზიდენტის ადმინისტრაციაში აღნიშნული პერიოდისათვის დასაქმებული იყო 37 შტატგარეშე მოსამსახურე, რომელთა შრომის ანაზღაურებამ 2015 წლის იანვარ-აგვისტოს განმავლობაში შეადგინა 382 042 ლარი, საიდანაც პრემიის სახით გაცემულია 14 900 ლარი, ხოლო სახელფასო დანამატები მათზე არ გაცემულა.
აღნიშნულ პერიოდში პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან სულ გათავისუფლდა 7 თანამშრომელი, რომელთაგან 5 გათავისუფლებულია საკუთარი ინიციატივით, ხოლო 2 თანამშრომელი სხვა დაწესებულებაში გადასვლასთან დაკავშირებით.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები