შსს თელავში პოლიციელის მკვლელობის ფაქტზე განცხადებას ავრცელებს
შსს-ს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის კახეთის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1996 წელს დაბადებული სანდრო მ. განზრახ მკვლელობის და დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით ცხელ კვალზე დააკავეს.
გამოძიებამ დაადგინა, რომ თელავში, რუსთაველის ქუჩაზე, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის კახეთის მთავარი სამმართველოს შენობის მოსაზღვრედ მცხოვრებმა სანდრო მ-მ თავისივე ეზოს ღობიდან, სამმართველოს ეზოში გასულ ინსპექტორს, სამართალდარღვევათა აღრიცხვისა და ანალიზის განყოფილების თანამშრომელს მაია ჯავახიშვილს სანადირო თოფიდან ესროლა და დაჭრა. ბრალდებულმა, ასევე, ერთი გასროლა განახორციელა დაჭრილი თანამშრომლის დასახმარებლად მისული პოლიციის კაპიტნის გელა ლამაზოშვილის მისამართით. მიღებული ჭრილობის შედეგად, გელა ლამაზოშვილი საავადმყოფოში მიყვანისთანავე გარდაიცვალა. დაჭრილი ინსპექტორის, მაია ჯავახიშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დროისთვის მძიმეა.
სამართალდამცველებმა სანდრო მ. შემთხვევის ადგილიდან მიმალვის მცდელობისას, მომხდარიდან რამდენიმე წუთში დააკავეს. პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი – ბრალდებულის პაპის სახელზე რეგისტრირებული სანადირო თოფი ნივთმტკიცებად ამოიღო.
გამოძიება განზრახ მკვლელობის და დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 108-ე და 19-109-ე მუხლებით).