„2016 წელს საცობების პრობლემა გადაწყდება“ – ხელისუფლებამ ახალი ესტაკადებისა და ხიდებისთვის თანხები გამოყო

თბილისის საკრებულოს ურბანული კომისიის თავმჯდომარემ გოჩა ბაბუნაშვილმა პორტალ „კვირას“ პრესკლუბში 2015 წელს გაწეული სამუშაოები შეაჯამა. ბაბუნაშვილმა მიმდინარე წლის სამუშაოებში ყველაზე წარმატებულ პროექტად ოლიმპიური ფესტივალი დაასახელა. დადებითად შეაფასა 13 ივნისის სტიქიით გამოწვეულ პრობლემებთან ბრძოლა.
„ბევრი პრობლემა დარჩა, მაგრამ 2015 წელს ცოტა რამ არ გაკეთებულა. ეს წელი როგორც ჩვენთვის, ისე მერიის მუშაობისთვის, შეიძლება დამაკმაყოფილებლად შეფასდეს. წელს ძალიან წარმატებულად ჩატარდა ოლიმპიური ფესტივალი, აშენდა იმდენი სპორტული ობიექტი, რამდენიც ქალაქს ბოლო 30 წელია არ შემატებია. მათ შორის აუზები, სპორტული მოედნები… მსოფლიო სპორტულმა საზოგადოებამ ოლიმპიადა მაღალ დონეზე შეაფასა. უნდა აღინიშნოს 13-14 ივნისის ტრაგედია. სიამაყით შემიძლია ვთქვა, რომ სტიქიის შედეგად გამოწვეული პრობლემები თითქმის 100%-ით მოგვარებულია.
რაც შეეხება სტიქიის დროს დაზიანებულ ავტომობილებს, გუშინ საკრებულომ მიიღო გადაწყვეტილება და 101 მანქანაზე, რომელიც აღრიცხვაზე იყო შსს სამინისტროში, 5 000 დოლარის ეკვივალენტი თანხა გამოიყო ლარში. ეს ეხება დაუზღვეველ მანქანებსაც. 100% ით ანაზღაურდება იმ მანქანების თანხა, რომლის საფასურიც 5 000-ის ფარგლებში იყო, 5 000-ს ზემოთ შეფასებული მანქანები კი 75%-ით დაფინანსდება. მიმდინარე წელს დაიგო ათასობით კილომეტრი საფარი. მათ შორის 11 კილომენტრი წყნეთის გზა. წელს აღვადგინეთ ავარიული ბინები, ეს პროცესი მომავალ წელსაც გაგრძელდება. 100 ათასობით ადამიანს მივეცით წამლის თანხები, ჩავუტარეთ ოპერაციები, სოციალური დახმარება აღმოვუჩინეთ. ამაში ჩვენი ბიუჯეტის 30%-ზე მეტი  დაიხარჯა. აშენდა და ექსპლუატაციაში შევიდა 10 საბავშვო ბაღი“,- აღნიშნა გოჩა ბაბუნაშვილმა.
რაც შეეხება 2016 წელს, ბაბუნაშვილის განცხადებით, მომავალი წლის მთავარ გამოწვევად უმუშევრობა და ლარის ინფლაცია რჩება.
ურბანული კომისიის თავმჯდომარის განცხადებით, 2016 წელს საცობების პრობლემა გადაწყდება.
„მომავალ წელს საცობების პრობლემა გადაწყდება, ზაფხულისთვის 150 ევროპული დონის ავტობუსი ჩამოვა თბილისში. ვიწყებთ კვანძების განტვირთვას სააკაძის მოედანზე, გმირთა მოედანზე… იქნება ესტაკადები და ხიდები. პუშკინის ქუჩაზე უკვე დავიწყეთ და 7 თვეში დამთავრდება. ეს ყველაფერი ქალაქის ცენტრალურ ნაწილს შვებას მისცემს. ამისათვის ბიუჯეტში თანხები უკვე გაწერილია“, – აღნიშნა გოჩა ბაბუნაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები