დიმიტრი ხუნდაძე: გიორგი კვირიკაშვილმა უკვე აჩვენა საკუთარი პოლიტიკური ხელწერა

„გიორგი კვირიკაშვილმა გუშინ უკვე აჩვენა საკუთარი პოლიტიკური ხელწერა. სწორედ მისი სტრატეგია არის კარგი სიახლე ქართული პოლიტიკისთვის“, – ამ სიტყვებით შეაფასა პარლამენტის ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ დიმიტრი ხუნდაძემ ახალ პრემიერთან დაკავშირებით საკუთარი პოზიცია.
დიმიტრი ხუნდაძემ 29 დეკემბერს მნიშვნელოვანი უწოდა, რადგან საქართველოს პარლამენტში ახალ პრემიერ-მინისტრს და მთავრობის წევრებს ირჩევენ.
როგორც ხუნდაძემ აღნიშნა, სართველო მსოფლიოს ყველა პოლუსისთვის მიმზიდველი და საჭირო ქვეყანა ხდება და ბოლო სამი წლის განმავლობაში განხორციელებული სასიკეთო ცვლილებები თითქმის ყველა ოჯახს შეეხო.
“დღეს მნიშვნელოვანი დღეა საქართველოს პარლამენტში. ყოველი ახალი ცვლილება სიახლის მოლოდინს იწვევს და მსურს ეს მოლოდინი რეალობად იქცეს. ბევრი სვამს კითხვას, რატომ უნდა გამოვუცხადოთ კიდევ ერთხელ ნდობა მთავრობის ძველ შემადგენლობას? ამ კითხვაზე პასუხი მარტივი არ არის იმ საინფორმაციო კამპანიის ფონზე, რაც დღეს საქართველოში მიმდინარეობს. როდესაც ხდება ყოველივე პოზიტივის ნეგატივში გადაყვანა. მაგრამ ამ კითხვაზე პასუხი ადვილია იმ პირთათვის, ვინც საკუთარ თავზე განიცადა ყველა ის სასიკეთო ცვლილება, რაც სამი წლის განმავლობაში განხორციელდა ქვეყანაში. ეს ცვლილებები თითქმის ყველა ოჯახს შეეხო. ასევე, ამ კითხვაზე პასუხი გაცემულია იმ პირთათვის, ვინც ხვდება, რომ საქართველო უბრუნდება ევროპულ ოჯახს. ეჭვგარეშეა ის მოსაზრება, რომ ჩვენი ქვეყანა ხდება მსოფლიოს ყველა პოლუსისთვის მიმზიდველი და საჭირო ქვეყანა. საქართველო დღეს დგას მსოფლიო პოლიტიკის გზაჯვარედინზე. ეს არის ის ფაქტი, რაც ჩვენს ქვეყანას უპირატესობას აძლევს და ეს მდგომარეობა ჩვენს სასარგებლოდ უნდა გამოვიყენოთ. საქართველოს მოსახლეობა სიახლის მოლოდინშია. გიორგი კვირიკაშვილმა გუშინ უკვე აჩვენა საკუთარი პოლიტიკური ხელწერა. სწორედ მისი სტრატეგია არის კარგი სიახლე ქართული პოლიტიკისთვის. ეს არის ის, რაც ხალხისთვის მხოლოდ პოზიტიურია”, – განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები