ლევან მურუსიძე პრეზიდენტს სასამართლოზე ზეწოლაში ადანაშაულებს
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი ლევან მურისიძე მის მიმართ საქართველოს პრეზიდენტის მიერ გაკეთებულ განცხადებას, სასამართლოზე ზეწოლად აფასებს.
როგორც მურუსიძემ განაცხადა, კენჭისყრები დასრულებული არ არის და ამიტომ მას, პრეზიდენტის განცხადებები არასწორად მიაჩნია.
“როდესაც კენჭისყრები დასრულებული არ არის, პრეზიდნეტის მიერ, გამოსვლა და შედეგების შეფასება, მიმაჩნია, რომ არის ზეწოლა სასამართლო ხელისუფლებაზე და მე მინდა, კიდევ ერთ გარემოებას გავუსვა ხაზი. როდესაც 2013 წელს ამირჩიეს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივნად, მაშინაც გვქონდა განხილული გირგვლიანის საქმე, მაშინ პრეზიდენტს ასევე ეკავა ძალზედ მნიშვნელოვანი თანამდებობა, თუმცა არც მას და არც სხვას არ გახსენებია აღნიშნული საქმე და არავის არ გამოუხატავს მძაფრი პროტესტი იმასთან დაკავშირებით, რომ ლევან მურუსიძე არჩეული იყო იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივნად. ამიტომ, ჩემი მოწოდებაა, სასამართლო არის დამოუკიდებელი ხელისუფლება, ის თავად ღებულობს გადაწყვეტილებებს და შესაბამისად, ამ სასამართლოს გადაწყვეტილებას ყველამ პატივი უნდა სცეს”, – განაცხადა მურუსიძემ.
საქართველოს პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, იუსტიციის საბჭოს მიერ ლევან მურუსიძის დანიშვნა ქართული საზოგადოებისთვის მიუღებელია. პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ მის მიერ დანიშნულმა საბჭოს წევრმა მურუსიძის არჩევისას კენჭისყრის პროცესი დატოვა.