პრეზიდენტის პირველი კომენტარი ლევან მურუსიძის მოსამართლედ დანიშვნის შესახებ

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი სააპელაციო სასამართლოს მოსამართლედ ლევან მურუსიძის დანიშვნის საკითხს გამოეხმაურა. როგორც მარგველაშვილმა პრეზიდენტის ადმინისტრაციაში გამართულ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა, ამ გადაწყვეტილების მიუღებლობა საზოგადოების მხრიდან ნათლად გამოჩნდა. პრეზიდენტის თქმით, იუსტიციის უმაღლეს საბჭოში კენჭისყრის პროცესი მის მიერ დანიშნულმა მოსამართლემ დატოვა.
“ასეთი გადაწყვეტილების მიუღებლობა საზოგადოების მხრიდან ამ დღეებში განსაკუთრებით ნათლად გამოჩნდა. ეს მიუღებლობა ყალიბდებოდა წლების განმავლობაში, გამომდინარე იმ საქმეებიდან, რომლებმაც არა მარტო გაერთიანა ქართული საზოგადოება, არამედ გამაოგნებელი იყო სტრასბურგის სასამართლოსთვის. მე მინდა საზოგადოებას ვუთხრა, რომ იუსტიციის უმაღლეს საბჭოში ჩემ მიერ დანიშნულმა ერთმა წევრმა დატოვა კენჭისყრა. სახელმწიფოს უზენაესი მიზანია სამართლიანი სასამართლოს ჩამოყალიბება, ეს არის ჩემი ვალდებულება, პრეზიდენტს ამ თვალსაზრისით აქვს შესაძლებლობა, წარადგინოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეები და დანიშნოს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეები, რასაც მე საზოგადოების წინაშე პასუხისმგებლობით განვახორციელებ. ბრძოლა სამართლიანი სასამართლოს შესაქმნელად საქართველოში გრძელდება და მე ამ ბრძოლას ბოლომდე მივიყვან”, – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ ლევან მურუსიძე სააპელაციო სასამართლოს მოსამართლედ აირჩიეს. მურუსიძემ 11-დან 10 ხმა მიიღო. მოსამართლედ დანიშვნისთვის იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრთა რაოდენობის 2/3 ხმაა საჭირო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები