ირაკლი ღარიბაშვილი თითოეულ ჯარისკაცს მადლობას უხდის

ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოება განუყოფელია მსოფლიოს მშვიდობისაგან, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის მუშაობის სამწლიანი ანგარიშის პრეზენტაციისას განაცხადა.
მისი თქმით, სწორედ გლობალური უსაფრთხოების უზრუნველყოფას ემსახურება ჩვენი ჯარისკაცების მონაწილეობა ავღანეთში.
ირაკლი ღარიბაშვილმა თითოეულ ჯარისკაცს მადლობა გადაუხადა.
“ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოება განუყოფელია მსოფლიოს მშვიდობისაგან. სწორედ გლობალური უსაფრთხოების უზრუნველყოფას ემსახურება ჩვენი ჯარისკაცების მონაწილეობა ავღანეთში, ცენტრალურ აფრიკასა და მალის რესპუბლიკაში. კიდევ ერთხელ ვუხდი მადლობას ჩვენს ჯარისკაცებს. მინდა, ქედი მოვიხარო ჩვენი დაღუპული გმირებისა და მათი ოჯახების წინაშე. რომ არა თქვენი თავდადება, ჩვენი ქვეყანა ვერ დაიმკვიდრებდა ისეთ სახელს, რომელიც დღეს გვაქვს მსოფლიოში. სამწუხაროდ, საერთაშორისო მისიებში 38 გმირი მებრძოლი დავკარგეთ, მაგრამ მჯერა, რომ მათ სახელებს ჩვენი მომავალ თაობები შემოინახავს. სახელმწიფოს მოვალეობაა, განსაკუთრებული დამოკიდებულება გამოხატოს ჯარისკაცების ოჯახების მიმართ”, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
პრემიერის თქმით, საერთაშორისო მისიებში დაღუპული სამხედროების ოჯახების ერთჯერადი კომპენსაცია 100 000 ლარი გახდა, ხოლო ყოველთვიური კომპენსაცია 500 ლარის ნაცვლად – 1000 ლარი.
“ეს არის ჩვენი ვალდებულება. ეს არ არის იმისთვის, რომ მოვისმინოთ მადლობა. პირიქით, მე მინდა ჩემი და ჩვენი მთავრობის სახელით მადლობა ვუთხრა თითოეულ ჯარისკაცს”, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
მისივე თქმით, იგივე მიდგომა გატარდებული სამსახურებრივი მოვალეობის დროს დაღუპულ პოლიციელთა და მათი ოჯახის წევრთა მიმართ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები