“ქართველები და აზერბაიჯანელები ერთად ვაშენებთ ჩვენს მშვენიერ სახელმწიფოს"

   საქართველოს პრეზიდენტი დღეს გარდაბანს ეწვია და ადგილობრივ აზერბაიჯანელებს სახალხო დღესასწაული – ნოვრუზ ბაირამი მიულოცა. ქვეყნის პირველ პირს გარდაბნის კულტურის ცენტრთან თეატრალიზებული დახვედრა მოუწყეს და ტრადიციული აზერბაიჯანული კერძებით გაუმასპინძლდნენ. გიორგი მარგველაშვილი დღესასწაულისადმი მიძღვნილ კონცერტსაც დაესწრო და შეკრებილ საზოგადოებას სიტყვით მიმართა. საქართველოს პრეზიდენტმა მათ ნოვრუზ ბაირამი მიულოცა და იმ წვლილის შესახებ ისაუბრა, რომელიც საქართველოში მცხოვრებ აზერბაიჯანელებს ქვეყნის აღმშენებლობის საქმეში შეაქვთ.
“ამ დღესასწაულით ახლის დაწყებას ვზეიმობთ, აღვნიშნავთ იმას, რომ ნებისმიერი სირთულე და გასაჭირი გაივლის და იმედით, სიყვარულით, ახლის შენების ემოციით შევხვდებით გაზაფხულს. დღეს თქვენთან ერთად ვარ და მეამაყება, რომ საქართველოს მოქალაქეები – ქართველები და აზერბაიჯანელები ერთად ვაშენებთ ჩვენს მშვენიერ სახელმწიფოს, ჩვენს ლამაზ ქვეყანას. ძალიან მიყვარხართ და თქვენთან ერთად ძალიან მალე მივაღწევთ უდიდეს წარმატებებს”, – აღნიშნა გიორგი მარგველაშვილმა.
საქართველოს პრეზიდენტმა, მიმართვისას, ილჰამ ალიევთან შეხვედრის დეტალებიც გაიხსენა და ყურადღება ორი მეგობარი ქვეყნის ურთიერთობის გაღრმავების, ორი მოძმე ერის კულტურის გამდიდრებისა და ტრადიციების შენარჩუნების საქმეში საქართველოში მცხოვრები აზერბაიჯანლებისა და აზერბაიჯანში მცხოვრები ქართველების უდიდეს როლზე გაამახვილა.
„საქართველოს მოქალაქეები – ქართველებიც და აზერბაიჯანელებიც – ერთად, ერთმანეთის მხარდამხარ ვშრომობთ და ერთად ვართ სიხარულისა და დღესასწაულის დროს. საქართველოც და აზერბაიჯანიც ერთმანეთის კულტურების პატივისცემის, თავისი აზერბაიჯანელი მოქალაქეებისა და თავისი ქართველი მოქალაქეების პატივისცემის საფუძველზე აშენებს სახელმწიფოს“, – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.
ქვეყნის პირველი პირი გარდაბანში მცხოვრები ტელმან ხალილოვის ოჯახსაც ესტუმრა და “ნოვრუზ ბაირამი” პირადად მიულოცა.
“დღეს ვარ გარდაბანში, ჩვენს ძალიან შრომისმოყვარე, კეთილ, მეგობრულ და არაჩვეულებრივ მოქალაქეებთან ერთად, მაგრამ, ბუნებრივია, გარდაბნიდან ვულოცავ ყველას, ვინც ბაირამის დღესასწაულს ზეიმობს. მიხარია, რომ ჩვენც ვიზიარებთ ამ სიხარულს,” – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.
საქართველოს პრეზიდენტთან ერთად გარდაბანს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი ირინე იმერლიშვილი, ქვემო ქართლის გუბერნატორი გიორგი მღებრიშვილი და საქართველოში აზერბაიჯანის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი აზერ ჰუსეინი სტუმრობდნენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები