თავდაცვის უწყებას ნატოს ცენტრალური რეგისტრის ხელმძღვანელი ეწვია
საქართველოს თავდაცვის უწყებას ნატოს ცენტრალური რეგისტრის ხელმძღვანელი კეტრინ გერთი ეწვია. უწყების პრესსამსახურის ინფორმაციით, კეტრინ გერთი თავდაცვის სამინისტროს საქართველოში არსებული რეგისტრის ერთიანი კოორდინირებული სისტემის წარმომადგენლებს ნატოს სამეკავშირეო ოფისში შეხვდა და მათ სპეციალური პრეზენტაცია წარუდგინა. ნატოს ცენტრალური რეგისტრის ხელმძღვანელმა ნატოში ცენტრალური რეგისტრის პრაქტიკული ასპექტების და ამ კუთხით ნატოს პოლიტიკაზე ისაუბრა და ყურადღება ნატოში ინფორმაციის მართვის ასპექტებზეც გაამახვილა.
პრეზენტაციის შემდეგ ნატოს კლასიფიცირებული ინფორმაციის უსაფრთხოების ძირითად საკითხებთან დაკავშირებით სემინარი გაიმართა. სემინარს კეტრინ გერთთან ერთად უძღვებოდნენ ნატოს უსაფრთხოების ოფისის ინფორმაციული სისტემების უსაფრთხოების მიმართულების ხელმძღვანელი ფრანკ მიჩევსკი და აღნიშნული ორგანიზაციის სხვა წარმომადგენლები.