გიორგი არსოშვილი თურქეთის პრობაციის 10 წლისთავისადმი მიძღვნილ სიმპოზიუმში მონაწილეობდა

პრობაციის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელმა გიორგი არსოშვილმა სტამბოლში, თურქეთის პრობაციის 10 წლისთავისადმი მიძღვნილ სიმპოზიუმში მონაწილეობა მიიღო. სიმპოზიუმზე, რომელსაც უცხოელი ექსპერტები და სხვადასხვა ქვეყნის დელეგაციის წარმომადგენლები ესწრებოდნენ, 2005 წლიდან, ანუ თურქეთში პრობაციის სამსახურის შექმნის დღიდან ამ სფეროში მიღწეული შედეგები განიხილეს. სიმპოზიუმის მონაწილეებმა პრობაციონერთა უფლებების დაცვის, მათი რესოციალიზაციის, განმეორებითი დანაშაულის პრევენციის მიზნით გასატარებელი ღონისძიებებისა და საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომის ეფექტურად აღსრულების საკითხები განიხილეს.
ყურადღება დაეთმო ელექტრონული მონიტორინგის მნიშვნელობას არასაპატიმრო სანქციის გამოყენების პროცესში. შეხვედრაზე პირობით მსჯავრდებულთა რესოციალიზაციის კუთხით პრობაციის სამსახურების საქმიანობაზეც ისაუბრეს. გიორგი არსოშვილის განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ როგორც თურქეთი, ასევე, საქართველო პრობაციის ევროპული კონფედერაციის სრულუფლებიანი წევრია. ამასთან, ორივე ქვეყანაში დანერგილია ელექტრონული მონიტორინგის სისტემა. შესაბამისად, მხარეები ამ მიმართულებით თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ. პრობაციის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელი სტამბოლში საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის კახა კახიშვილის თურქეთში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში იმყოფება. კახა კახიშვილისა და თურქეთის იუსტიციის მინისტრის ბექირ ბოზდაღის შეხვედრაზე ქართული მხრიდან თურქეთის სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან გათავისუფლებული საქართველოს მოქალაქე პრობაციონერების სამართლებრივი მდგომარეობის საკითხიც დაისვა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები