მოლდავეთის დელეგაცია პენიტენციურ დაწესებულებებს ეწვია

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს N16 დაბალი რისკისა და N5 ქალთა პენიტენციური დაწესებულებები მოლდავეთის იუსტიციის სამინისტროს დელეგაციამ დაათვალიერა.
დელეგაციის წევრები N16 დაწესებულების სპეციალური დანიშნულების რაზმის ბაზას, დაწესებულების საცხოვრებელ კორპუსს, სასადილოს, სპორტული დარბაზს და დაწესებულებაში მოქმედი ეკლესიას ეწვივნენ.
მათი განცხადებით, განსაკუთრებული შთაბეჭდილება N16 დაწესებულების ხანგრძლივი პაემნების ოთახებმა და N5 დაწესებულებაში დედათა და ბავშვთა განყოფილებამ მოახდინა.
საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პენიტენციური დეპარტამენტის ხელმძღვანელის ზვიად მიხანაშვილის განცხადებით, მოლდვეთის რესპუბლიკის პენიტენციური სისტემის ხელმძღვანელობასთან თანამშრომლობა ინტენსიურ რეჟიმში გაგრძელდება.
„პროექტებსა და პროგრამებს, რომლებიც N16 პენიტენციურ დაწესებულებაში ამჟამად ხორციელდება, მოლდაეთვის მთავრობა გადაიღებს და საკუთარ ქვეყანაში განახორციელებს. დელეგაციის წევრები განსაკუთრებით N5 ქალთა დაწესებულებით, იქ არსებული ინფრასტრუქტურით, დედათა და ბავშვთა განყოფილებით, ასევე, გრძელვადიანი პაემნის სისტემით მოიხიბლნენ. სტუმრები საკუთარ ქვეყანაში ბევრი ახალი იდეით და გეგმით ბრუნდებიან“, – განაცხადა პენიტენციური დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ზვიად მიხანაშვილმა.
როგორც მოლდავეთის იუსტიციის მინისტრის პირველმა მოადგილემ აღნიშნა, მოლდევეთში პენიტენციური სისტემა ჩამოყალიბების პროცესშია. შესაბამისად, ქართველ კოლეგებთან კონსულტაცია მათთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.
„N16 დაწესებულებაში იმდენად კარგი პირობებია, რომ შენობაში ყოფნის დროს თავს ნამდვილად არ გრძნობ ციხეში. ასევე, მოვინახულეთ ქალთა დაწესებულებაც. დედათა და ბავშთა განყოფილება უმაღლეს დონეზეა მოწყობილი, იქ ნამდვილად იგრძნობა ოჯახური გარემო. იმედი მაქვს, თანამშრომლობა მომავალშიც გაგრძელდება, რადგან ეს ჩვენთვის მნიშნველოვანია. გვინდა ის გამოცდილება, რომელიც სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს გააჩნია, ჩვენც დაგვახმარონ“, – განაცხადა ედუარდ სერბენკომ.
მოლდავეთის დელეგაციის წარმომადგენლები სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სასწავლო ცენტრსაც ეწვივნენ, რომელსაც მალე აკადემიის სტატუსი მიენიჭება.
როგორც სტუმრებმა აღნიშნეს, შეხვედრა ძალიან ინფორმაციული იყო.
მათი განცხადებით, საქართველოდან ძალიან ბევრი სიახლის და იდეის წაღებაა შესაძლებელი. სასწავლო ცენტრის დირექტორის მოადგილემ ავთანდილ მიქანაძემ სტუმრებისთვის პრეზენტაცია გამართა და ცენტრში დანერგილი სასწავლო პროგრამები გააცნო. ედუარდ სერბენკოს განცხადებით, გადამზადების და კვალიფიკაციის ამაღლების მსურველებისთვის სასწავლო ცენტრში საუკეთესო პირობებია შექმნილი. სტუმრებმა მოლდავეთში ქართული სასწავლო ცენტრის ანალოგის შექმნის სურვილი გამოთქვეს.
მოლდავეთის დელეგაცია საქართველოს 2 დეკემბერს, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინსიტრის კახა კახიშვილის პირადი მოწვევით ესტუმრა. ვიზიტი 5 დეკემბერს დასრულდება

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები