ვაკე-საბურთალოს მოსახლეობის ნაწილს წყალმომარაგება შეუწყდება
თბილისის ზოგიერთ ქუჩას წყალმომარაგება შეუწყდება. როგორც “კვირას” “ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერიდან” აცნობეს, ავარიულად დაზიანდა 1400 მმ-იანი მაგისტრალის დიღმის ველზე გამავალი მონაკვეთი. დაზიანების სალიკვიდაციო სამუშაოებს, რომელიც მაგისტრალური ქსელების წყლისგან დაცლას მოითხოვს, კომპანია დღეს, საღამოს 10:00 საათიდან დაიწყებს.
გადაუდებელი სამუშაოების ჩატარების მიზნით, დღეს, 22:00 საათიდან 5 დეკემბრის 10:00 საათამდე წყალმომარაგება შეუწყდება ჭავჭავაძის, ვაჟა-ფშაველას და ყაზბეგის გამზირების მცირე ნაწილს, ნუცუბიძის ქუჩას და მიკრორაიონებს, ვაჟა-ფშაველას კვარტლებს, ქავთარაძისა და მათ მიმდებარე ქუჩებსა და სოფელი დიღმის ნაწილს. წყალმომარაგების შეწყვეტისა და აღდგენის თაობაზე ინფორმაციას “ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი” მომხმარებელს წინასწარ, SMS-შეტყობინებით მიაწვდის. ინფორმაციის მოძიება ასევე შესაძლებელი იქნება კომპანიის „ცხელი ხაზის“ – 293 11 11, ფეისბუქისა და ვებგვერდის მეშვეობით. “ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი” შექმნილი დისკომფორტისთვის ბოდიშს უხდის მომხმარებლებს და აცხადებს, რომ შეეცდება სამუშაოების ჩატარება შესაძლებლად მოკლე დროში დაასრულოს.