პროექტის – „გავერთიანდეთ მდგრადი მომავლისთვის“ დასკვნითი კონფერენცია გოეთეს ინსტიტუტში გაიმართება
გოეთეს ინსტიტუტში მასშტაბური საერთაშორისო პროექტი „გავერთიანდეთ მდგრადი მომავლისთვის“ („Vernetzt für Nachhaltigkeit“) სრულდება.
როგორც „კვირას“ გოეთეს ინსტიტუტიდან აცნობეს, პროექტის დასკვნითი კონფერენცია 5-6 დეკემბერს, 10:00 საათზე, გოეთეს ინსტიტუტში გაიმართება. პროექტის მიზანია, სკოლებში დაინერგოს სწავლების ახალი მეთოდი მდგრადი განვითარების მიმართულებით, – გერმანული ენის გაკვეთილის დროს გარემოს დაცვის და მდგრადი განვითარების თემების ინტეგრირება მოხდეს. რაც სწავლების ახალი მეთოდს – CLIL-ის (Content and Language Integrated Learning) გულისხმობს.
ინსტიტუტის პრესსამსახურის ინფორმაციით, ახალი მეთოდით სოციალური, ჰუმანიტარული და საბუნებისმეტყველო მეცნიერებების ზოგიერთი საკითხის სწავლება შერჩეულ უცხო ენაზე ხორციელდება, რაც, საგნობრივი ცოდნის გარდა, ინტერდისციპლინარულობას, კომპლექსურ აზროვნებასა და შემოქმედებითობას უწყობს ხელს. ენის შესწავლის პარალელურად, ჩვენ შეგვიძლია გარემოსდაცვითი თემებიც განვიხილოთ და დავამუშაოთ. შესაბამისად, ქართველი მასწავლებლები გერმანელი სპეციალისტების დახმარებით სწავლობენ, როგორ შექმნან ერთობლივი პროექტები, როგორ მოახერხონ თავიანთი საგნის გაკვეთილებში გარემოსდაცვითი საკითხების ჩართვა.
ორდღიან კონფერენციას გახსნის გოეთეს ინსტიტუტის დირექორი შტეფან ვაკვიცი, თავის მოხსენებებს წაიკითხავენ პროექტის ხელმძღვანელები: აიკე პოკრანდტი და გვანცა ხინთიბიძე, გოეთეს ინსტიტუტის მოწვევით სპეციალურად ჩამოდიან ცნობილი საერთაშორისო ექსპერტები გარემოსდაცვითი და მწვანე პედაგოგიკის, ასევე მდგრადი განვითარების სფეროდან: პროფესორი ვილჰელმ ლინდერი და დოქ. ბირგიტ კარე ვენის აგრარული და გარემოსდაცვითი პედაგოგიკის უნივერსიტეტიდან. ისინი ამ კონცერენციზე თავიანთ მოხსენებებს წაიკითხავენ და ასევე პედაგოგებისთვის სემინარებსაც ჩაატარებენ.
კონფერენციაზე აზერბაიჯანის, სომხეთისა და საქართველოს სკოლის მასწავლებლები მიიღებენ მონაწილეობას, ყველა სკოლის (32 სკოლა) წარმომადგენელი გააკეთებს პრეზენტაციას, სადაც შეფასდება ინდივიდუალური პროექტები. განხილული იქნება პროექტის გრძელვადიანი შესაძლებლობის პერსპექტივა და მასთან დაკავშირებული იდეები. პედაგოგებს შორის შორის გაიმართება დისკუსია მდგრადი განათლების შესაძლებლობებსა და გამოწვევებზე, მწვანე პედაგოგიკაზე, გარემოსდაცვით პედაგოკიკაზე, ე.წ. CLIL-ზე, განიხილავენ ეკონომიკურ, ეკოლოგიურ და სოციალურ ინტერესთა კონფლიქტებს და ყურადღებას მიაპყრობენ არსებულ წინააღმდეგობებს, ამბივალენტურ დამოკიდებულებებსა და კომპრომისების საჭიროებას.
ამასთანავე, კონფერენციაზე მეთოდოლოგიური სახელმძღვანელო წიგნის პრეზენტაცია გაიმართება, რასაც პროექტში ჩართული ყველა სკოლა უსასყიდლოდ მიიღებს და პედაგოგების მომავალი თაობა გამოიყენებს. ეს არის სახელმძღვანელო, რომელიც შედგება მდგრადი განათლების სწავლების მეთოდის როგორც თეორიული, ასევე პრაქტიკული ნაწილებისაგან. გოეთეს ინსტიტუტის საერთაშორისო პროექტი „Vernetzt für Nachhaltigkeit“ („გავერთიანდეთ მდგრადი მომავლისთვის“), რომელსაც მხარს უჭერს საქართველოს განათლების და მეცნიერების სამინისტრო, გარემოს დაცვის სამინისტრო, ფინანსდება გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ.
როგორც ამ სემინარის, ასევე მთლიანად ამ საერთაშორისო პროექტის – „გავერთიანდეთ მდგრადი მომავლისთვის“ მიზანი არის ის, რომ სკოლებში საგანმათლებლო პროცესი გახდეს მდგრადი განვითარების სფეროში ცნობიერების ამაღლების ერთგვარი ბიძგი. აღსანიშნავია, რომ ამ პროექტის იდეა ერთ-ერთ გერმანელ ახალგაზრდას გაუჩნდა, როდესაც ნახა საქართველოს ულამაზესი პეიზაჟები და, ამავე დროს, ბუნების უდიერად მოპყრობის მომსწრეც გახდა. ის მიხვდა, რომ საჭირო იყო მდგრადი განვითარების მიმართულებით კონკრეტული ეფექტური ნაბიჯები გადაედგა, ამისთვის დაიწერა ეს პროექტი და აი უკვე ასე წარმატებით განხორციელდა.