ოთარ დანელია ნიდერლანდების გაერთიანებული სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდა
სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ დანელია ნიდერლანდების გაერთიანებული სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში, იოჰანეს (იოს) დაუმას შეხვდა.
სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე ,,ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების“ (DCFTA) ფარგლებში, აღებული ვალდებულებების შესრულების და საქართველოს სოფლის მეურნეობის დარგში განხორციელებული და დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ ისაუბრეს. ოთარ დანელიამ სურსათის უვნებლობის, ირიგაციის, სასურსათო უსაფრთხოების და ფიტოსანიტარიული მიმართულებით არსებულ მდგომარეობაზე, ასევე სამეცნიერო-კვლევითი მიმართულებით ინსტიტუციურ განვითარებაზე დეტალურად ისაუბრა.
მინისტრმა ყურადღება აგროდაზღვევის პროგრამის შედეგებზე და სეტყვის საწინააღმდეგო სისტემის დანერგვის ეფექტიანობაზე გაამახვილა. ოთარ დანელიამ სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების ხელშეწყობის პროგრამაზეც ისაუბრა და ნიდერლანდების ელჩს პროგრამის ფარგლებში შექმნილი რეგიონში ყველაზე დიდი კოოპერატივის „დარჩელის თხილის“ შესახებ მიაწოდა ინფორმაცია.
შეხვედრაზე ნიდერლანდების გაერთიანებული სამეფოს ელჩმა, იოჰანეს დაუმამ ხაზი გაუსვა ბოლო პერიოდში სოფლის მეურნეობის დარგის განვითარების მიმართულებით სამინისტროს თანამიმდევრულ პოლიტიკას და იმედი გამოთქვა, რომ ერთობლივი ძალისხმევით, ახლო მომავალში ასოცირების შეთანხმებით მიღებულ სარგებელს თითოეული ფერმერი იგრძნობს. შეხვედრაზე სასათბურე მეურნეობების განვითარებისა და ქართული პროდუქციის ევროპის ბაზარზე ექსორტის საკითხებიც განიხილეს. როგორც მინისტრმა აღნიშნა, სახელმწიფო მხარს უჭერს ტექნოლოგიურ განვითარებას, ორიენტირებულია ორგანული, ხარისხიანი პროდუქტების წარმოებაზე და სურვილი აქვს, მომავალში, საერთაშორისო ბაზარზე, სწორედ ამ ნიშნის დაიმკვიდროს ადგილი.