კახა კალაძე: არსებული ენერგეტიკული რესურსები ჯერ კიდევ დიდწილად აუთვისებელია
„არსებული ენერგეტიკული რესურსები ჯერ კიდევ დიდწილად აუთვისებელია”,-ამის შესახებ ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ ენერგეტიკული ქარტიის კონფერენციის მინისტერიალის სესიაზე: “რეგიონალური თანამშრომლობის ხელშეწყობა ენერგიის ტრანსსასაზღვრო ვაჭრობის გზით” განაცხადა.
როგორც მინისტრმა აღნიშნა, ელექტროენერგიით ორმხრივი ვაჭრობა არის რეგიონული თანამშრომლობის მნიშვნელოვანი ელემენტი, თუმცა მრავალმხრივი შეთანხმებები საჭიროა, რათა გამოყენებულ იქნას სრული რეგიონალური პოტენციალი და მიღებულ იქნას მნიშვნელოვანი ეკონომიკური სარგებელი.
„სავარაუდო პოტენციური გენერაციის ნამატი სამხრეთ კავკასიაში ქმნის ელექტროენერგიით ვაჭრობის მნიშვნელოვან შესაძლებლობებს, თუმცა არსებული ენერგეტიკული რესურსები ჯერ კიდევ დიდწილად აუთვისებელია. ამისთვის საჭიროა მნიშვნელოვანი ინვესტიციების მოზიდვა გენერაციაში და ტრანსსასაზღვრო ინფრასტრუქტურის განვითარებაში, რათა განვითარდეს რეგიონში ელექტროენერგიით ვაჭრობა. მნიშვნელოვანი ინვესტიციები არის საჭირო იმისათვის, რომ აშენდეს ურთიერთდამაკავშირებელი ხაზები და გაფართოვდეს გენერირების შესაძლებლობები.
საქართველო არის ენერგეტიკული ქარტიის ხელშეკრულების დამფუძნებელი წევრი. ქარტია არის მრავალმხრივი ინსტრუმენტი საერთაშორისო თანამშრომლობისთვის, მისი სამართლებრივი კომპონენტებითა და ფართო გეოგრაფიული არეალით. ქარტიას შეუძლია შემოგვთავაზოს საჭირო ინსტიტუციონალური პლატფორმა გლობალური და რეგიონული ენერგეტიკული მართვისთვის.
ენერგეტიკული ქარტია განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს ენეგეტიკული კავშირების განვითარებას. მე მჯერა, რომ ელექტრონერგიის დერეფნის განვითარება მთელს სამხრეთ კავკასიაში მოუტანს რეგიონს სარგებელს რიგ ეკონომიკურ, სოციალურ და გარემოსდაცვით საკითხში”, – განაცხადა კახა კალაძემ.
კალაძის თქმითვე, თბილისში მიმდინარე მინისტერიალი მიზნად ისახავს ფორუმზე შეხედულებების გაცვლასა და მიმდინარე მოვლენებზე ინფორმაციის მიწოდებას, რათა ხელი შეუწყოს რეგიონალურ თანამშრომლობას ენერგეტიკის სფეროში.