გიორგი კვირიკაშვილი: რუსეთმა კიდევ ერთხელ დაარღვია საერთაშორისოდ აღებული ვალდებულებები
ოკუპირებულ აფხაზეთთან და ცხინვალის რეგიონთან ე.წ. შეთანხმებების ხელმოწერით, რუსეთმა კიდევ ერთხელ დაარღვია საერთაშორისოდ აღებული ვალდებულებები, – ამის შესახებ საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ბელგრადში ეუთოს 22-ე მინისტერიალში მონაწილეობისას განაცხადა.
როგორც გიორგი კვირიკაშვილმა მინისტრთა საბჭოს პლენარულ სესიაზე სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, ამ ქმედებით რუსეთი ცდილობს ოკუპირებული რეგიონების საკუთარ სამხედრო, სოციალურ და საფინანსო სისტემებში სრულ ინტეგრაციას.
“ოკუპირებულ აფხაზეთთან და ცხინვალის რეგიონთან ე.წ. შეთანხმებების ხელმოწერით რუსეთმა კიდევ ერთხელ დაარღვია საერთაშორისოდ აღებული ვალდებულებები. კონფლიქტის ზონებში მცხოვრებ მოსახლეობას არ აქვს საშუალება, განახორციელოს საკუთარი პოლიტიკური, სოციალური და ეკონომიკური უფლებები. ისინი მოკლებულნი არიან თავისუფლად გადაადგილების, კერძო საკუთრებისა და რაც მთავარია, მშობლიურ ენაზე სწავლის უფლებას.
გალის რაიონის 11 დაწყებით სკოლაში ქართულ ენაზე სწავლება აკრძალულია და ჩანაცვლებულია რუსული ენით. შეფასებები განსაკუთრებით საგანგაშოა ოკუპირებულ რეგიონებში საერთაშორისო მონიტორინგის მექანიზმების არარსებობით. ეს გვაიძულებს სასწრაფოდ ვეძიოთ გზები ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის ეროვნული უმცირესობების უმაღლესი კომისარის “საქართველოში კონფლიქტის შედეგად დაზარალებულ რეგიონებში ადამიანთა უფლებების შესახებ” ანგარიშის შესასრულებლად,” – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
ამასთან, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობისთვის პრიორიტეტულია სტრატეგია, რომელიც აფხაზებსა და ქართველებს შორის, ასევე აფხაზებსა და ოსებს შორის ნდობის აღდგენას ემსახურება.