თოჯინების თეატრის უპრეცედენტო პროექტი
თბილისის გიორგი მიქელაძის სახელობის თოჯინების პროფესიული სახელმწიფო თეატრი, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერითა და ლონდონის „ჩიქენშედის“ თეატრთან თანამშრომლობით, იწყებს ამიერკავკასიის მასშტაბით სრულიად უპრეცედენტო პროექტის განხორციელებას!
„ჩიქენშედის“ თეატრი გახლავთ ადგილი, სადაც შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანებს ეძლევათ საშუალება და სივრცე, მაქსიმალურად გამოავლინონ თავიანთი შესაძლებლობები და უნარები ხელოვნების სხვადასხვა სფეროში. ამ პროექტის განხორციელების შედეგად, ეტლით მოსარგებლე ადამიანები თეატრის რიგითი თანამშრომლები გახდებიან.
თოჯინების თეატრის ხელმძღვანელობა 27 დეკემბერს სამუშაო ვიზიტით ეწვევა ლონდონს, სადაც ისინი შეხვდებიან ჩიქენშედის თეატრის წარმომადგენლებს, მიიღებენ მათგან მნიშვნელოვან მითითებებსა და რჩევებს, რომელთა განხორციელებასაც შემდეგ უკვე თბილისში შეეცდებიან. ვიზიტის მსვლელობისას, თოჯინების თეატრის წარმომადგენლები დაესწრებიან საერთაშორისო საბავშვო ფესტივალს. ასევე, მათ მიეცემათ საშუალება, ნახონ სპექტაკლი – „შობის თორმეტი დღე“.