საქართველოს დელეგაცია ბირთვული უსაფრთხოების სამიტში მიიღებს მონაწილეობას

 24–25 მარტს, ქ. ჰააგა ბირთვული უსაფრთხოების სამიტს (NSS) უმასპინძლებს. ბირთვული უსაფრთხოების სამიტზე დასასწრებად ჰოლანდიაში 58 ქვეყნის ლიდერი, 5 ათასი დელეგატი და 3 ათაზე მეტი ჟურნალისტი ჩავა. საგარეო საქმეთა მინისტრის მაია ფანჯიკიძის განცხადებით, ჰააგაში საქართველოს დელეგაცია 23 მარტს გაემგზავრება და ორმხრივ შეხვედრებს გამართავს. მისივე თქმით, საქართველოს პრემიერმა სამიტზე მისაწვევი წერილი პრეზიდენტ ობამასგან მიიღო.
“ჰააგაში 23 მარტს მივემგზავრებით, რადგანაც პრემიერს ამ დღესაც ექნება ორმხრივი შეხვედრები. ეს არის ძალიან დიდი ფორუმი, რომელიც აშშ-ის პრეზიდენტის ინიციატივით ტარდება. საქართველოს პრემიერმა პირადი წერილი მიიღო არამხოლოდ პრეზიდენტ ობამასგან, არამედ ასევე ნიდერლანდების პრემიერისგან, რომელიც არის მასპინძელი. შესაბამისად, კვირას, ნიდერლანდების პრემიერთან უკვე ჩანიშნულია შეხვედრა. რა თქმა უნდა, ჩვენ უკვე გვაქვს რამდენიმე შეთანხმებული შეხვედრა სხვა ქვეყნების პრემიერებთან და პრეზიდენტებთან. ასევე იგეგმება პრემიერის სიტყვით გამოსვლა ბირთვული უსაფრთხოების სამიტზე”, – განაცხადა ფანჯიკიძემ.
მისივე თქმით, აღნიშნული ფორუმი მნიშვნელოვანი პოლიტიკური გზავნილებისთვის იქნება გამოყენებული, რომელიც ამ ეტაპზე მნიშვნელოვანია საქართველოსთვის.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები