ირაკლი ღარიბაშვილი: დევნილი ოჯახების სახლები, რომელიც წინა ხელისუფლებამ აგვისტოს ომის შემდეგ ააშენა, სოზარ სუბარმა ხელახლა გაარემონტა
“500 დევნილი ოჯახის სახლები, რომელიც წინა ხელისუფლებამ აგვისტოს ომის შემდეგ ააშენა, სოზარ სუბარმა ხელახლა გაარემონტა”,-ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე დევნილთა სამინისტროს მომავალი წლის ბიუჯეტზე საუბრისას განაცხადა.
როგორც პრემიერმა აღნიშნა, ეს ყველაფერი იმაზე მეტყველებს, თუ როგორ ზრუნავდა სააკაშვილი დევნილებზე. მანვე განაცხადა, რომ 2012 წელს დევნილთა სამინისტროს ბიუჯეტი 25 მილიონი ლარი იყო, გაისად კი 85 მილიონი ლარი იქნება.
“ეს მეტყველებს, როგორ “ზრუნავდნენ” სააკაშვილი და მისი მთავრობა დევნილებზე. სოზარ სუბარმა დევნილებისთვის არსებული ფართების დაკანონების პროექტი გაააქტიურა და ამის ფარგლებში, 10 თვეში 10 000 დევნილ ოჯახს საცხოვრებელი ფართები დაუკანონა.
დღესაც 304 ოჯახს უსასყიდლოდ მათ სარგებლობაში არსებულ ფართებს დავუკანონებთ. დღეის მდგომარეობით, 2012 წლიდან დღემდე, 10 400 დევნილზეა საკუთრებაში გადაცემული ფართები. გაისად რამდენიმე ახალი კორპუსის მშენებლობა დაიწყება”,-განაცხადა პრემიერმა.