გიორგი მარგველაშვილი: საქართველოს აქვს ძალიან მნიშვნელოვანი როლი იმ ერთიან პროცესში, რასაც თანამედროვე ევროპა წარმოადგენს

სახელმწიფოებრიობას ვავითარებთ იმ სტანდარტებითა და ფორმებით, რომელსაც ევროპული ღირებულებები ჰქვია, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ევროკომისარ იოჰანეს ჰანთან პირისპირ გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა. როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, საქართველო ევროპის განუყოფელი ნაწილია.
„ვცხოვრობდით და ვცხოვრობთ საერთო ღირებულებებით. სახელმწიფოებრიობას ვავითარებთ იმ სტანდარტებითა და ფორმებით, რომელსაც ევროპული ღირებულებები ჰქვია. ჩვენს შორის ძლიერი პარტნიორობა უაღრესად მნიშვნელოვანია და მნიშვნელოვანია, რომ ეს პარტნიორობა მრავალ დონეზე ხორციელდება“, – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.
მისი თქმით, საქართველოს აქვს ძალიან მნიშვნელოვანი როლი იმ ერთიან პროცესში, რასაც თანამედროვე ევროპა წარმოადგენს.
„ვხედავთ, რომ საქართველოს აქვს ძალიან მნიშვნელოვანი როლი იმ ერთიან პროცესში, რასაც თანამედროვე ევროპა წარმოადგენს. საქართველო მნიშვნელოვან როლს თამაშობს, როგორც ევროპული სამეზობლო ქვეყანა“, – აღნიშნა მარგველაშვილმა.
მარგველაშვილმა აღნიშნა, რომ საქართველო ევროპული სამეზობლოსთვის მნიშვნელოვან შესაძლებლობებს ქმნის. ის ასევე უმნიშვნელოვანეს ეკონომიკურ რეალიებს ერთმანეთთან აკავშირებს. პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ საქართველო არის ქვეყანა, რომელიც ბიზნესის კეთების თვალსაზრისით სამაგალითოა.
„ეს ბიზნესკლიმატი გამოიხატება კორუფციის, კრიმინალის დაბალ დონეში და იმ მაღალ რეიტინგებში, რომელიც ჩვენ ბიზნესის წარმოების თვალსაზრისით გვაქვს“, – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები