„150 სახლს დღეს წყალკანალიზაცია არა აქვს“ – რა პრობლემების ასახვას სთხოვს საკრებულო მერიას 2016 ბიუჯეტში
თბილისის საკრებულოს იურიდიული კომისიის თავმჯდომარე თედო კობახიძე დარწმუნებულია, რომ მერია თბილისის 2016 წლის ბიუჯეტში საკრებულოს წევრთა შენიშვნებს გაითვალისწინებს. როგორც კობახიძემ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში განაცხადა, დედაქალაქის ბიუჯეტი ახალ წლამდე დამტკიცდება.
საკრებულოს წევრთა შენიშვნების მთავარი მიზეზი მთელი რიგი მიმართულებებით ბიუჯეტის კლება გახდა. გარდა თანხების სხვადასხვაგვარი გადანაწილებისა, საკრებულოს წევრმა თედო კობახიძემ, მერიას თბილისის ზღვის დასახლებაში 150 სახლისთვის წყალკანალიზაციის გაყვანა და კუს ტბის შემოვლითი გზის აღდგენა მოითხოვა.
„ 2016 წლის ბიუჯეტთან დაკავშირებით გვქონდა შენიშვნები, რადგან აქამდე წარმოდგენილი ვარიანტის მიხედვით ინფრასტრუქტურის მიმართულებით 10 მილიონით იყო შემცირებული თანხები. შემცირდა საგზაო ინფრასტრუქტურის მოვლა- მშენებლობის თანხებიც. საერთოდ არაფერი თქმულა ბიუჯეტში ტრანსპორტის მოდერნიზაციაზე. ჩვენ უნდა განვაახლოთ ქალაქის ტრანსპორტი. ასევე აუცილებლად მოსაგვარებელია თბილისის ზღვის დასახლებაში მცხოვრები ადამიანების პრობლემა. 150 სახლს დღეს წყალკანალიზაცია არა აქვს და ეს პრობლემა სასწრაფოდ უნდა გადაიჭრას. ყურადღება მისაქცევია კუს ტბის შემოვლითი გზაც, რომელიც ფაქტობრივად თავიდან გასაკეთებელია და თბილისელებს ბევრ პრობლემას უქმნის“, – განაცხადა თედო კობახიძემ.
დედაქალაქის საკრებულოში თბილისის 2016 წლის ბიუჯეტის ჩასწორებულ ვარიანტს 10 დეკემბრისთვის ელოდებიან.