დავით უსუფაშვილი: იოჰანეს ჰანთან შეხვედრა პროდუქტიული და ოპტიმიზმით სავსე იყო

პარლამენტის თავმჯდომარემ, დავით უსუფაშვილმა საქართველოში სამუშაო ვიზიტად მყოფი ევროკომისარი, იოჰანეს ჰანი მიიღო.
ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების მოლაპარაკებების საკითხების კომისართან გამართულ შეხვედრაზე მხარეებმა ვიზა ლიბერალიზაციის საკითხებში საქართველოს მიერ მიღწეულ შედეგებსა და მის სამომავლო პერსპექტივებზე ისაუბრეს. დიალოგის დროს აღინიშნა, რომ მყარი საფუძველი არსებობს იმისთვის, რომ პროცესის წარმატებით დასრულებისთვის საქართველოს ოპტიმისტური მოლოდინები გააჩნდეს.
დავით უსუფაშვილმა განცხადა, რომ ყველა საფუძველია იმისათვის, რომ ვიყოთ ოპტიმისტურად განწყობილი ვიზა ლიბერალიზაციის საკითხებზე წარმატებისთვის.
„ევროკომისარ იოჰანეს ჰანთან შეხვედრა იყო ძალიან პროდუქტიული, მეგობრული და ოპტიმიზმით სავსე. შეხვედრაზე ჩვენ ვისაუბრეთ იმ პროგრესზე, რასაც ქვეყანამ ბოლო წლებში მიაღწია. კომისრის ინფორმაციით, ყველა ვინც ჩართული იყო მონიტორინგში არის სრულად ინფორმირებული იმის თაობაზე თუ რა გაკეთდა საქართველოში. ყველა ძალიან კმაყოფილია მიღწეული შედეგებით, ამიტომ ყველა საფუძველია იმისათვის, რომ ვიყოთ ოპტიმისტურად განწყობილი ვიზა ლიბერალიზაციის საკითხებზე წარმატებისთვის“, – აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ.
დავით უსუფაშვილმა ჟურნალისტებთან ვიზა ლიბერალიზაციის პროცედურულ საკითხებზეც ისაუბრა და მისი შემდგომი ეტაპები განმარტა.
„პროცესი ორი ეტაპისგან შედგება – ტექნიკური მხარე ორ კვირაში დასრულდება და აქ რაიმე გართულებას არ ველით. შემდგომ არის პოლიტიკური მხარე და ევროკავშირის წევრმა ყველა ქვეყანამ ამაზე პოლიტიკური გადაწყვეტილება უნდა მიიღოს. ეს გადაწყვეტილებები, როგორც ჩანს, ასევე დადებითი იქნება, თუმცა შესაძლოა იყოს საჭირო კიდევ დამატებითი მუშაობა, იმისთვის რომ არა მხოლოდ პოლიტიკოსებს, არამედ ევროპის ქვეყნების სხვადასხვა წრეებს, მოსახლეობას ქონდეთ სრული რწმენა იმისა, რომ საქართველოს სახით ისინი შეიძენენ პარტნიორს და არა პრობლემას“, – განაცხადა დავით უსუფაშვილმა.
შეხვედრაზე ევროკომისარი მომავალი არჩევნების მზადების წინა პროცესებითაც დაინტერესდა. პარლამენტის თავმჯდომარემ ამ მიმართულებით უკვე განხორციელებულ და დაგეგმილ ღონისძიებებზე ინფორმაცია მიაწოდა და არჩევნების წინ ადრეულ ეტაპზე მონიტორინგის მისიის საქართველოში ჩამოსვლა ითხოვა.
„ევროპელ სტუმარს მოვახსენე, რომ უახლოეს დღეებში ინიცირებული იქნება კანონპროექტი, რომელზეც უმრავლესობა დიდი ხანია საუბრობს. ეს იქნება არსებული სისტემის გაუმჯობესება და მისი ევროპულ სტანდარტებამდე მიყვანა, ვენეციის კომისიის და საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებების შესაბამისად. ასევე სხვა ნოვაციები, მაგალითად ის, რომ პარლამენტში იხილება კონკრეტული კანონპროექტი გენდერული თანასწორობის მიმართულებით და გარკვეული მოთხოვნებია იმისათვის, რომ ქალთა წარმომადგენლობა იყოს უზრუნველყოფილი პარლამენტში გაცილებით უკეთ ვიდრე არის დღეს. მოვახსენე ისიც, რომ ჩვენ დაინტერესებული ვართ საქართველოში რაც შეიძლება ადრე ჩამობრძანდნენ გრძელვადიანი მონიტორები, იქნება ეს ეუთოს თუ ევროკავშირის ხაზით“, – განაცხადა დავით უსუფაშვილმა.
პარლამენტის თავმჯდომარესთან გამართულ შეხვედრას საპარლამენტო ოპოზიციის წევრები გიორგი ჩიქოვანი და გიორგი წერეთელი დაესწრნენ. ევროკომისარი საქართველოს “აღმოსავლეთ პარტნიორობის” არაფორმალური დიალოგის მეექვსე შეხვედრის ფარგლებში გასამართ ღონისძიებებში მონაწილეობის მისაღებად ეწვია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები