დავით უსუფაშვილი რიჩარდ ვებერს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, დავით უსუფაშვილი ევროპის სავაჭრო-სამრეწველო პალატების გაერთიანების პრეზიდენტს, რიჩარდ ვებერს შეხვდა.
დავით უსუფაშვილის განცხადებით, საქართველოს პარლამენტი მზადაა, მხარდაჭერა აღმოუჩინოს საქართველოს ბიზნესსაზოგადოების ევროპულ ბიზნესსაზოგადოებასთან დაახლოებას.
მისივე შეფასებით, ამ პროცესში განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია ევროპის სავაჭრო-სამრეწველო პალატისა და საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის როლი. დავით უსუფაშვილის თქმით, საქართველოს პარლამენტი მზადაა, ევროპის სავაჭრო-სამრეწველო პალატასთან ერთად, შემუშავდეს ის კანონმდებლობა, რომელიც ქვეყანაში ბიზნესის განვითარებას დაეხმარება.
როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ შეხვედრაზე აღნიშნა, ამ მიმართულებით, საქართველოს პარლამენტი ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებისა და ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების (DCFTA) ფარგლებში უკვე აქტიურად მუშაობს. რიჩარდ ვებერის განცხადებით, საქართველომ მხარი უნდა დაუჭიროს მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებას, რაც, მისივე თქმით, ყველა ქვეყნის ეკონომიკის ხერხემალია.
ევროპის სავაჭრო-სამრეწველო პალატების გაერთიანების პრეზიდენტმა ხაზგასმით აღნიშნა ეკონომიკის განვითარების პროცესში ინოვაციის მნიშვნელობაც. მისი თქმით, თანამედროვე მსოფლიოში ინდუსტრიისა და წარმოების განვითარების კრეატიული გზების ძიებაა საჭირო. შეხვედრაზე მხარეებმა პროფესიული სწავლების ინიციატივაზეც ისაუბრეს. როგორც დავით უსუფაშვილმა აღნიშნა, საქართველოს პარლამენტი ამ ინიციატივას ხელს კონკრეტული ღონისძიებების ფარგლებშიც შეუწყობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები