ირაკლი ღარიბაშვილი: არცერთი მინისტრი არ იღებს პრემიას
საქართველოს პრემიერი მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი გავრცელებულ ინფორმაციას, რომ დანამატებსა და პრემიებზე გაცემული თანხების ოდენობა, წინა წლებთან შედარებით გაზრდილია, სპეკულაციას უწოდებს.
როგორც პრემიერმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, არცერთი მინისტრი არ იღებს პრემიას. ირაკლი ღარიბაშვილმა საზოგადოების სწორი ინფორმირებისთვის ფინანსთა მინისტრ ნოდარ ხადურს შესაბამისი მონაცემების წარმოდგენა სთხოვა.
“ორი დღეა, ვაკვირდები მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს დამატებით პრემიები და დანამატები გაიცა სამინისტროებში. მე მესმის იმ ადამიანების, რომლებიც ცდილობენ, მოსახლეობას არასწორი ინფორმაცია მიაწოდონ და შეცდომაში შეიყვანონ, მაგრამ გთხოვთ, კიდევ ერთხელ აუხსნათ მოსახლეობას, რა დანამატებსა და პრემიებზეა საუბარი, რადგან არის ისეთი განცდა, თითქოს მინისტრები და სხვა მაღალი თანამდებობის პირები იღებენ პრემიას. არცერთი მინისტრი არ იღებს პრემიას. მინისტრის ხელფასი არის 5 ათასი ლარი, ეს ყველაფერი არის საჯარო და არაფერი დაფარული ამაში არ არის. რატომ ვერ ხერხდება ამ ინფორმაციის გამოთხოვა მედიასაშუალების მხრიდან? – თუ არის მოთხოვნა, გთხოვთ, ნებისმიერი ინფორმაცია მისცეთ”, – მიმართა პრემიერმა ფინანსთა მინისტრს.