“უკიდურესად შეშფოთებულები ვართ იმით, რაც გუშინ ყირიმში მოხდა“

   ჩვენ უკიდურესად შეშფოთებული ვართ იმასთან დაკავშირებით, რაც გუშინ მოხდა ყირიმში – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ავლაბრის რეზიდენციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მარგველაშვილმა საერთაშორისო საზოგადოებას მოუწოდა, უაღრესად მშვიდად, მაგრამ, ამავე დროს, პრინციპულად შეაფასოს არსებული ვითარება. პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი იმას, რომ საქართველო რჩება იმ ცივილიზებული ქვეყნების გვერდით, რომლებსაც მიაჩნიათ, რომ ქვეყნებს შორის საკითხები წყდება არა ტერიტორიების დაკავების, არამედ დიპლომატიური მოლაპარაკებებით.
“ჩვენ გვინდა დავაფიქსიროთ ჩვენი პოზიცია გუშინ ყირიმში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით. ჩვენ უკიდურესად შეშფოთებულები ვართ იმასთან დაკავშირებით, რაც გუშინ მოხდა. ხაზი გვინდა გავუსვათ იმას, რომ რეალურად ის მოვლენები, რაც უკრაინაში განვითარდა, საფრთხეს უქმნის არა მხოლოდ რეგიონის სტაბილურობას, არამედ იმ გლობალურ წესრიგს, რომლითაც კაცობრიობა მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ფუნქციონირებდა. ასეთი საფრთხე ორი მიმართულებით იქმნება: პირველი – ეს არის ის, რომ ბირთვულ განიარაღებას, რომელსაც ჰქონდა გარკვეული დადებითი ტენდენცია, რისი შედეგიც იყო 94 წლის შეთანხმება, რომლითაც უკრაინამ თავისი ბირთული არსენალი დათმო – ამ ტენდენციას შეიძლება სერიოზული დისკრედიტაცია შეექმნას. მეორე: ფაქტობრივად, მეორე მსოფლიო ომის შემდეგ მე ძნელად თუ ვიხსენებ შემთხვევას, როდესაც ერთ ქვეყანას მეორე ქვეყნის ტერიტორიები მიეერთებინოს. მსოფლიო რუკა იცვლებოდა, ხდებოდა დანაწილება, არსებობდა კონფლიქტები ქვეყნებს შორის, მაგრამ არ ხდებოდა ერთი ქვეყნის მიერ მეორის ტერიტორიის მიერთება. ეს არის გლობალური პრობლემა მსოფლიოს უსაფრთხოებისათვის. აქედან გამომდინარე, ჩვენ მოვუწოდებთ მთელს საერთაშორისო თანამეგობრობას, უაღრესად მშვიდად, მაგრამ ამავე დროს პრინციპულად შეაფასოს არსებული ვითარება.
ჩვენ ვრჩებით იმ ცივილიზებული ქვეყნების გვერდით, რომლებსაც მიაჩნიათ, რომ ქვეყნებს შორის საკითხები წყდება არა ტერიტორიების დაკავების, არა სამხედრო ძალის, არამედ დიპლომატიური მოლაპარაკებების მეშვეობით“,-განაცხადა მარგველაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები