თბილისის მერია ხეების მოჭრასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

თბილისის მერია სხვადასხვა მედიასაშუალების მიერ დიღმის ტყე-პარკში ხეების მონიშვნასთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას სპეციალური განცხადებით ეხმაურება. მერიის ინფორმაციით, ხეების მონიშვნა განხორციელდა კერძო მესაკუთრის მიერ მისსავე ტერიტორიაზე. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, იმ შემთხვევაში, თუ კერძო მესაკუთრის მიერ განხორციელდება ხეების მოჭრა, მერიის ზედამხედველობის სამსახური კანონდამრღვევ კომპანიას შესაბამის სანქციებს დააკისრებს.
„სხვადასხვა მედიასაშუალების მიერ გავრცელდა ინფორმაცია დიღმის ტყე-პარკში ხეების მონიშვნასთან დაკავშირებით და საზოგადოების მხრიდან გამოითქვა ეჭვი აღნიშნული ხეების შესაძლო მოჭრასთან დაკავშირებით. გამომდინარე აქედან, თბილისის მერიის შესაბამისმა სამსახურებმა გადაამოწმეს ეს ინფორმაცია და დადგინდა, რომ ხეების მონიშვნა განხორციელდა კერძო მესაკუთრის მიერ მისსავე ტერიტორიაზე, რაც დედაქალაქის მერიისგან რაიმე სახის ნებართვის გაცემას არ საჭიროებს. ამასთან, უნდა აღინიშნოს, რომ თბილისის მერიაში დიღმის ტყე-პარკში ხეების მოჭრასთან დაკავშირებით ნებართვის მისაღებად განაცხადი არ შემოსულა, შესაბამისად, მერიის ეკოლოგიის და გამწვანების საქალაქო სამსახურს არანაირი ნებართვა გაცემული არ აქვს.
აქვე უნდა განვაცხადოთ, რომ იმ შემთხვევაში, თუ აღნიშნულ ტერიტორიაზე კერძო მესაკუთრის მიერ განხორციელდება ხეების მოჭრა, ეს იქნება სამართალდარღვევა და დედაქალაქის მერია კანონით დადგენილ ღონისძიებებს მიმართავს, კერძოდ მერიის ზედამხედველობის სამსახური კანონდამრღვევ კომპანიას შესაბამის სანქციებს დააკისრებს. თბილისის მერია მოუწოდებს ყველა ფიზიკურ და იურიდულ პირს არ განახორციელონ ხეების უკანონოდ ჭრა, წინააღმდეგ შემთხვევაში გატარდება კანონით დადგენილი ზომები“, – აღნიშნულია მერიის განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები