ტელეკომპანია “იმედი” ნიკა გვარამიას ბრალდებებს პასუხობს

ტელეკომპანია “იმედის” მიერ დღევანდელი სკანდალური აუდიოჩანაწერის გავრცელებასთან დაკავშირებით, “რუსთავი 2”-ის გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას განცხადებას “იმედი” ეხმაურება და ტელეკომპანიის მისამართით გამოთქმულ ბრალდებებს აბსურდულს უწოდებს.
როგორც ტელეკომპანიაში განმარტავენ, ახალი აუდიოფაილების გამოქვეყნების შესახებ მათ გამოშვებამდე 15 წუთით ადრე გაიგეს, რაც სრულიად საკმარისი დროა ჩანაწერის საეთეროდ მოსამზადებლად.
მათი თქმით, აბსურდია ბრალდება, თითქოს კომენტარების ჩაწერა არხმა საჯარო სივრცეში ჩანაწერის გამოქვეყნებამდე დაიწყო.
“აღნიშნული ის ვებგვერდია, სადაც სამი დღის წინ, გიგა ბოკერიასთან და ნიკა გვარამიასთან მიხეილ სააკაშვილის ჩანაწერები გამოქვეყნდა ამ ჩანაწერების ავთენტურობა თავად ფიგურანტებმაც დაადასტურეს, შესაბამისად, არ უნდა იყოს გასაკვირი ამ ინტერნეტპორტალის მიმართ ინტერესი”,- აცხადებენ “ტელეიმედში”.
შეგახსენებთ, რომ დღევანდელ ბრიფინგზე ნიკა გვარამიამ განაცხადა, რომ “იმედი” და “პირველი არხი” დანაშაულებრივი შეთანხმების გამტარები და გამხმოვანებლები არიან. ამასთან, მისივე თქმით, აღნიშნულმა ტელეკომპანიებმა გაცილებით ადრე იცოდნენ, მისი და მიხეილ სააკაშვილის აუდიოჩანაწერის შესაძლო გავრცელების შესახებ, ვიდრე ის საჯარო სივრცეში მოხვდებოდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები