გიორგი ტყემალაძემ მოსახლეობას ერთი წლის განმავლობაში გაწეული საქმიანობის შესახებ ანგარიში წარუდგინა

დედაქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ფრაქციის „ქართული ოცნება-მრეწველები“ წევრმა გიორგი ტყემალაძემ სამგორის რაიონის მესამე მასივის მოსახლეობას, ერთი წლის განმავლობაში გაწეული საქმიანობის შესახებ ანგარიში წარუდგინა.
თბილისის საკრებულოს ინფორმაციით, პრეზენტაცია რაიონის დეპუტატის ლევან დარახველიძის სამაჟორიტარო ბიუროში გაიმართა და მას მაჟორიტარი დეპუტატი ლევან დარახველიძე, საკრებულოს დეპუტატები იოსებ მანჯავიძე და ვლადიმერ ძნელაძე ესწრებოდნენ.
გაწეული საქმიანობის შესახებ ანგარიშის წარდგენისას გიორგი ტყემალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოში განხორციელებულ საქმიანობაზე, საკრებულოს სხდომებსა და სხვადასხვა სახის პროექტებში მონაწილეობაზე, კომისიურ მუშაობაზე, საკრებულოს გადაწყვეტილებათა პროექტების მომზადება, მიღება და შესრულების კონტროლზე, ამომრჩევლებთან ურთიერთობაზე, სხვადასხვა ორგანიზაციებთან თანამშრომლობაზე და სხვა სახის აქტივობებზე დეტალურად ისაუბრა.
ანგარიშის თანახმად, გიორგი ტყემალაძის მონაწილეობით საკრებულოში ჩატარებულია ბიუროს 65 და საკრებულოს 45 სხდომა. მიღებულია 214 დადგენილება და 661 განკარგულება. დეპუტატი საკრებულოს სხდომაზე განსახილველად გატანილ 21 საკითხზე იყო მომხსენებელი.
უწყების ცნობით, ანგარიშში ასახულია დეპუტატის საქმიანობა საკრებულოს ურბანული დაგეგმარებისა და საქალაქო მეურნეობის და სიმბოლიკის კომისიების შემადგენლობაში. მონაცემების თანახმად, ურბანული დაგეგმარებისა და საქალაქო მეურნეობის კომისიამ საანგარიშო პერიოდის განმავლობაში 34 სხდომა ჩაატარა, რომლებზეც 238 საკითხი განიხილეს. მათ შორისაა მიწის ნაკვეთის ფუნქციური ზონის სტატუსის ცვლილების 326 შემთხვევა და განაშენიანების რეგულირების გეგმის 83 პროექტი. ანგარიშში ვრცელი ადგილი უჭირავს იმ ნორმატიულ-სამართლებრივ პროექტების ჩამონათვალს, რომლებზეც გამოთქმული შენიშვნებისა და წინადადებების გათვალისწინებით, გიორგი ტყემალაძის მონაწილეობით მომზადდა დასკვნები.
სხვადასხვა სახის პროექტებში მონაწილეობაზე საუბრისას გიორგი ტყემალაძემ დედაქალაქის ახალი მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის შემუშავებასთან დაკავშირებული საქმიანობა და ის ათი პროექტი და ღონისძიება გამოყო, რომელიც მისი განსაკუთრებული აქტიურობით და მხარდაჭერით განხორციელდა. გარდა ამისა, ანგარიშში დაწვრილებით არის ასახული დეპუტატის მუშაობა საკრებულოს სიმბოლიკის კომისიის შემადგენლობაში და ჩამოთვლილია ჩატარებულ 12 სხდომასა და 2 სამუშაო შეხვედრაზე განხილული 90 მნიშვნელოვანი საკითხი და სახელდებული 85 გეოგრაფიული ობიექტი. წარდგენისას დეპუტატმა აღნიშნა, რომ საკრებულოს ინიციატივით, დედაქალაქის ქუჩების ცნობარის გამოცემა იგეგმება.
ანგარიშში ყურადღება ეთმობა დეპუტატის ჩართულობას საკრებულოს გადაწყვეტილებათა პროექტების მომზადება, მიღება და შესრულების კონტროლთან დაკავშირებულ საკითხებს, რომელთა შორის გამოყოფილია 2015 წლის ბიუჯეტის განხილვა, მერიის საქალაქო სამსახურების ანგარიშების მოსმენა, ჯანდაცვის კუთხით განხორციელებული უმნიშვნელოვანესი პროექტები, 13-14 ივნისის სტიქიის შედეგად დაზარალებულ პირთა (ოჯახთა) საცხოვრისით უზრუნველყოფის, უძრავი ქონების დათმობისა და სხვა სახის ფულადი დახმარების გაცემის წესის შემუშავება და თბილისის გარემოსდაცვითი სტრატეგიის დამტკიცება საკრებულოს მიერ. მოხსენებაში ცალკეა გამოყოფილი დეპუტატის ურთიერთობა ამომრჩეველთან. მონაცემების მიხედვით, გიორგი ტყემალაძემ საანგარიშო პერიოდში 500- მდე მოქალაქე მიიღო და მათ თავისი კომპეტენციის ფარგლებში დახმარება გაუწია.
ანგარიშის დასკვნითი ნაწილი დეპუტატის სხვადასხვა ორგანიზაციებთან თანამშრომლობას და სხვა სახის აქტივობებს ეძღვნება, რომლებიც დეპუტატის როგორც საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველობის ეროვნული ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტის და ევროსაბჭოს „ადგილობრივი და რეგიონალური ხელისუფლების კონგრესის“ წევრის უფლებამოსილების ფარგლებში განხორციელდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები