„ვიკილიქსის“ ჩანაწერის მიხედვით, შთაბეჭდილება მრჩება, რომ სააკაშვილმა გვარამია გაწირა – მამუკა არეშიძე

ექსპერტი მამუკა არეშიძე მიიჩნევს, რომ მიხეილ სააკაშვილმა ნიკა გვარამია გაწირა და ის ფარული ჩანაწერი, რომელიც „ვიკილიქსმა“ გაავრცელა, გვარამიას დასაპატიმრებლად იყო გათვლილი. აღნიშნულ საკითხზე არეშიძემ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში ისაუბრა.
„სააკაშვილი ძალიან კარგად არის ინფორმირებული, რომ მას შესაძლოა, რომელიმე ქვეყნის სპეცსამსახური უსმენდეს. მიუხედავად ამისა, სააკაშვილი-გვარამია-ბოკერიას ჩანაწერის მიხედვით, შთაბეჭდილება მრჩება, რომ მან კარგად იცოდა, რას და რისთვის ლაპარაკობდა. ვისთანაც სააკაშვილი საუბრობდა, მისგან ისეთი ფიგურის შექმნა უნდოდა, რომელიც აიძულებდა ხელისუფლებას, რეპრესიები გამოეყენებინა. მგონია, ის პროვოკაციაზე წავიდა. წარმოიდგინეთ, რომ ამ საუბრის შემდეგ, ვიღაც სულსწრაფს გვარამიასთვის სახელმწიფო გადატრიალების მცდელობისთვის დაედო ბრალი და დაეპატიმრებინათ. ეს ხომ მსოფლიოს ფეხზე დააყენებდა. არ არის გამორიცხული, რომ ამ ქმედებით სააკაშვილმა გვარამია გაწირა,“ – აღნიშნა არეშიძემ „კვირას“ პრესკლუბში.
მისივე შეფასებით, საუბარში სიტყვა „ბოევიკი“ ყოფილ პრეზიდენტს ტყუილად არ უხსენებია და გამიზნული იყო, რადგანაც, აზრობრივად ამ სიტყვის ხსენება საუბარში არც იყო საჭირო. რაც შეეხება გამოძიების მიმდინარეობას და შემდგომ პროცესებს, არეშიძე მიიოჩნევს, რომ საქმე უსასრულოდ გაგრძელდება:
„ეს საქმე უსასრულოდ გაიჭიმება და ეს იქნება მუდმივი გამაფრთხილებელი პროცესი. რაც შეეხება შედეგს, ინიციატორებისთვის ამ ჩანაწერის გავრცელებით გარკვეული შედეგი მიღწეულია. „ნაციონალურ მოძრაობასა“ და მათთან დაახლოებულ ადამიანებში გარკვეული განხეთქილება შეიმჩნევა, ერთგვარი გამიჯვნა მოხდა და ერთმანეთს მწარედ აგინებენ გამიჯნულები და გაუმიჯნავები. ბევრისთვის კატეგორიულად მიუღებელია ის, რაც იმ ჩანაწერში ითქვა. ეს ყველაფერი გათვლილი იყო გვარამიას დაპატიმრებაზე, თუმცა არ გამოვიდა.“

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები