თარაშ შურღაია დიღმის რაიონის მოსახლეობის წინაშე ანგარიშით წარდგა
დედაქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დიღმის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი თარაშ შურღაია მოსახლეობის წინაშე გაწეული საქმიანობის შესახებ ანგარიშით წარდგა. შეხვედრა დიდუბის რაიონის გამგეობაში გაიმართა, სადაც დეპუტატმა დამსწრე საზგოგადოებას 2014-2015 წლებში გაწეული სამუშაობის შესახებ პრეზენტაცია წარუდგინა.
დეპუტატის თქმით, სამაჟორიტარო ბიურომ ფუნქციონირება 2014 წლის აგვისტოში დაიწყო, სადაც ყოველდღიურ რეჟიმში წარმოებს მოქალაქეთა მიღება.
მისივე განცხადებით, ბიუროს თანამშრომელთა ორგანიზებით, პერიოდულად ხორციელდება გასვლითი შეხვედრები მოსახლეობასთან, რაც პრობლემების ადგილზე გაცნობისა და სამუშაო პროცესის მონიტორინგის საუკეთესო საშუალებაა. როგორც თარაშ შურღაიამ აღნიშნა, თვითმმართველობის არჩევნების დასრულებისთანავე, დეპუტატი ბიუჯეტის სწორად განსაზღვრის მიზნით, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების ფარგლებში, პირადად შეხვდა თითოეული კორპუსის თავმჯდომარეს, რაც 6 თვის შემდეგ, მოსახლეობის ინფორმირებულობისა და მათთან კომუნიკაციის გაზრდის მიზნით, განმეორებით განახორციელა. დეპუტატმა ბიუროში შესული განცხადებების თაობაზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ აღნიშნულიდან 70% სოციალური, 20% ინფრასტრუქტურული და 10% სხვა ხასიათისაა.
„ჩემი შუამდგომლობითა და დიდუბის რაიონის გამგეობის, ასევე თბილისის მერიისა და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით, სოციალური თემატიკის პრობლემების უდიდესი ნაწილი, როგორსაც წარმოადგენს სამედიცინო მომსახურების, მედიკამენტების დაფინანსება, რეკომენდაცია დასაქმების/სამსახურში აღდგენის თაობაზე, კეთილმოწყობის სამუშაოები, სოციალურად დაუცველის სტატუსის მინიჭება-აღდგენა, საცხოვრებელი ფართის-ბინის ქირით უზრუნველყოფა და სხვა, დაკმაყოფილებულია“,- განაცხადა დეპუტატმა და აღნიშნა, რომ
8 ადამიანს საზღვარგარეთ მკურნალობის ხარჯები დაუფინანსდა, ხოლო საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროსთან შუამდგომლობის საფუძველზე, ერთ ოჯახი ბინის შესაძენი თანხით დაკმაყოფილდა.
ანგარიშის წარდგენისას, თარაშ შურღაიამ სოციალური მომსახურების სააგენტოსთან აქტიურ თანამშრომლობაზე ისაუბრა. მისი განმარტებით, ამ ეტაპზე მიმდინარე სარეიტინგო ქულების გადაფასების პროცესის საფუძველზე, მოქალაქეთა გარკვეულ რაოდენობას მაღალი სარეიტინგო ქულა დაუწესდა და დეპუტატის შუამდგომლობით თავიდან განხორციელდა აღნუშნულ ბენეფიციართა სოციალური მდგომარეობის შესწავლა, რის შემდეგაც ამ პირებს შესაბამისი ქულები მიენიჭათ. შეხვედრაზე წარმოდგენილ პრეზენტაციაში, დეპუტატმა ასევე უფასო სასადილოების საკითხიც განიხილა. როგორც მან აღნიშნა, დიღმის მასივში გაიხსნა ერთი და რეაბილიტაცია ჩაუტარდა კიდევ ერთ უფასო სასადილოს, რომლებიც ISO-ს სტანდარტებს აკმაყოფილებენ. საანგარიშო პერიოდში ინფრასტრუქტურის კუთხით დიღმის მასივის რაიონში ჩატარებული სამუშაოების სტატისტიკა, რომელიც თარაშ შურღაიამ დამსწრე საზოგადოებას გააცნო, შემდეგი სახისაა: გაიხსნა და რეაბილიტაცია ჩაუტარდა სპორტულ მოედნებს; მოეწყო და გარემონტდა სკვერები, ატრაქციონები და მოსასვენებელი პავილიონები; კონკრეტულ მისამართებზე განხორციელდა საკანალიზაციო და წყალმომარაგების ქსელების სარემონტო სამუშაოები; განხორციელდა ბილიკების, ასევე კიბეებისა და უსაფრთხოების მოაჯირების რესტავრაცია და მონტაჟი; დაიგო ასფალტის საფარი და ასევე განხორციელდა სხვა სახის ინფრასტრუქტურული და კეთილმოწყობის თემატიკის პროექტები. მანვე, პრეზენტაციაზე ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების ფარგლებში განხორციელებულ სამუშაოებზეც ისაუბრა, რომლის ფარგლებშიც გარემონტდა და მეტალის კარებებით აღიჭურვა სადარბაზოები, შეკეთდა ლიფტები, გამაგრდა შენობები, რეაბილიტაცია ჩაუტარდა სახურავებს, დამონტაჟდა სენსორული სანათები და განხორციელდა საერთო სარგებლობის კიბეების აღდგენა. ასევე, შეიცვალა წყალსაწრეტი მილები და საკანალიზაციო ქსელი.
ამასთან, ლოკომოტივის ბაზაზე მცხოვრებ დევნილებს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროსთან მისივე შუამდგომლობის საფუძველზე, კაპიტალური რემონტი ჩაუტარდა სახურავს და შეეცვალათ საკანალიზაციო სისტემა, ხოლო ბაზასთან მისასვლელი გზის ასფალტირება, თბილისის მერიის მხარდაჭერით განხორციელდა.
ანგარიშის თანახმად, დეპუტატის შუამდგომლობის საფუძველზე, საცხოვრებელი პირობები გაუუმჯობესდათ დიღმის მასივის ლოკომოტივის ბაზაზე და მესამე სამკურნალო ცენტრის შენობაში მცხოვრებ დევნილებს. ასევე, ყოფილ ბავშვთა სახლში მცხოვრებ სოციალურად დაუცველ პირებსაც.
თარაშ შურღაია მოხსენებაში ეკოლოგიისა და გარემოს დაცვის, ასევე გამწვანების თემასაც შეეხო. მისი განცხადებით, მდინარე დიღმულაზე არსებული მძიმე ეკოლოგიური მდგომარეობა, დეპუტატის შუამდგომლობის საფუძველზე და თბილისის დასუფთავების სამსახურის აქტიური მუშაობის შედეგად, სრულად იქნა აღმოფხვრილი. ასევე დასუფთავდა დიღმის ტყე-პარკი და რაიონში არსებული დანაგვიანებული ტერიტორიები. მისივე თქმით, დიღმის მასივის მასშტაბით 700 სხვადასხვა ჯიშის, ხოლო დიღმის ტყე-პარკში 150 წიწვოვანი ხე იქნა დარგული. პრეზენტაციაზე წარდგენილი ანგარიშის თანახმად, დეპუტატი აქტიურად არის ჩართული სხვადასხვა ტიპის სპორტულ, საგანმანათლებლო, კულტურულ და საქველმოქმედო ღონისძიებებში. გარდა, საანგარიშო პერიოდში გაწეული საქმიანობისა, წარდგენისას თარაშ შურღაია სამომავლო გეგმებსაც შეეხო.
შეხვედრას დიღმის მასივის რაიონის მოსახლეობის გარდა, საკრებულოს გარემოს დაცვის კომისიის თავმჯდომარე, საბურთალოს რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი შორენა ბუხრაშვილი და დიდუბის რაიონის გამგებელი ირმა ზავრადაშვილი ესწრებოდნენ.