ცესკომ შუალედური არჩევნების წინასწარი მონაცემები გამოაქვეყნა

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ პარლამენტის შუალედური არჩევნების წინასწარი მონაცემები გამოაქვეყნა.
როგორც ცესკოს სპიკერმა ანა მიქელაძემ გუშინ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, საგარეჯოშიც და მარტვილშიც დათვლილია ყველა უბანი.
საგარეჯოში 20:00 საათისთვის აქტივობამ შეადგინა 34.43%, მარტვილში კი 39.99%. წინასწარი მონაცემებით, საგარეჯოში გაიმარჯვა თამარ ხიდაშელმა, რომელმაც 49.5% (7540 ხმა) მოაგროვა. ირმა ინაშვილს კი მხარი დაუჭირა ამომრჩეველთა 45.83%-მა (6981 ხმა), ზურაბ ჯორბენაძე – 0.49% (75), მიხეილ ანდღულაძე – 1.81% (276), გიორგი დავითაია – 2.35%(358). რაც შეეხება მარტვილს, “ქართული ოცნების” კანდიდატმა სოსო დანელიამ მოაგროვა 72.54% (9620 ხმა), ხოლო ეთერ მეძველიამ 27.45% (3641 ხმა).
“უნდა აღვნიშნო, რომ არჩევნების დღემ საარჩევნო უბნებზე, ძირითადად, ჩაიარა მშვიდ ვითარებაში. თუმცა, იყო გარკვეული ტიპის შეფერხებები. მაგალითად, საგარეჯოს საარჩევნო ოლქის №13 უბანზე, კომისიას არ მიეცა საშუალება, ემუშავა მშვიდ გარემოში. ამის გამო შემაჯამებელი ოქმი საოლქო საარჩევნო კომისიას მიეწოდა დაგვიანებით, რომელიც დაუყოვნებლივ აიტვირთა ცესკოს ვებ-გვერდზე და აისახა წინასწარ შედეგებში“, – აღნიშნა ანა მიქელაძემ.
მისივე განცხადებით, სხვა ყველა დანარჩენი უბნებიდან ცესკომ დროულად მიიღო საუბნო საარჩევნო კომისიების შემაჯამებელი ოქმები, რომლებიც ხელმისაწვდომია კომისიის სპეციალურ ვებგვერდზე – results.cec.gov.ge.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები