უფლებადამცველი მარგველაშვილს სააკაშვილის სატელეფონო საუბრებზე პოზიციის დაფიქსირებას სთხოვს

არასამთავრობო ორგანიზაცია „ახალგაზრდული ცენტრი“ პროკურატურას გუშინ გამოქვეყნებული მიხეილ სააკაშვილის, გვარამიას და ბოკერიას საუბრის ჩანაწერის შესწავლას და გამოძიების დაწყებას, საქართველოს პრეზიდენტს აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით საკუთარი პოზიციის დაფიქსირებას სთხოვს, – ამის შესახებ განცხადება ორგანიზაციის წარმომადგენელმა ზურაბ ქადაგიძემ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში გააკეთა.
ქადაგიძის განცხადებით, საზოგადოება იმდენად კარგად იცნობს „ნაციონალური მოძრაობის“ მეთოდებს, არ იყო გასაკვირი, რომ მათ ხელისუფლების უზურპაციისთვის რეალური გეგმა ჰქონოდათ.
„ჩვენ კარგად ვიცით „ნაციონალური მოძრაობის“ მეთოდიკა, მათი სქემები. გვახსოვს, როგორ მოვიდნენ ხელისუფლებაში, როგორ ატერორებდნენ და აშანტაჟებდნენ 9 წლის განმავლობაში ხალხს და როგორ ინარჩუნებდნენ ძალაუფლებას. აქედან გამომდინარე, არ იყო გასაკვირი, რომ მათ ხელისუფლების უზურპაციისთვის რეალური გეგმა ჰქონოდათ. NDI- იმ დადო კვლევა, რომელმაც საფუძველი მისცა „ნაციონალურ მოძრაობას“, თუ როგორ დაეცა ხელისუფლების რეიტინგი და აიწია „ნაციონალების“ რეიტინგმა. ეს არის ერთი ჯაჭვი, რომელსაც შემდეგ „რუსთავი 2“-თან დაკავშირებული აჟიოტაჟი მოჰყვა, რომლის მთავარი მოქმედი გმირი გვარამია გახლავთ. გასაგებია, რომ ორ კომპანიას ან დამფუძნებლებს შორის იყოს დავა და სასამართლოში ინტერესებს იცავდეს მათივე იურისტი, მაგრამ აქ გვევლინება დაქირავებული პირი, დირექტორი, რომელსაც საქმე მთლიანად პოლიტიკურ ჭრილში გადაჰყავს.
საზოგადოების ნებისმიერი განცხადება, მოსამართლის ქმედება, ადვოკატების განცხადება, ყველა დეტალი მას პოლიტიკურ ჭრილში გადააქვს. ამას მოჰყვა ის, რომ გამოქვეყნდა სტამბოლის აეროპორტში შემდგარი დიალოგი, რასაც გუშინ უკვე ახალი სატელეფონო საუბრის ჩანაწერები დაერთო. უცხო ქვეყნის მაღალჩინოსანი და ყოფილი პრეზიდენტი, რომელიც დღეს საქართველოს მოქალაქეც კი აღარ არის, პირდაპირ მიმართავს საქართველოში მყოფ მის მეგობრებს, რომ აქ დესტაბილიზაცია მოხდეს, რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ მართვის სადავეები ხელში აიღოს. მივმართავ ბატონ პრეზიდენტს, სად არის თქვენი განცხადება ამ მოვლენების შესახებ. გელოდებით! მინდა ასევე მივმართო პროკურატურას! ბატონო პროკურორო, ახლა გაირკვევა, თუ რაოდენ პროფესიონალურად მუშაობს პროკურატურა“, – განაცხადა ზურაბ ქადაგიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები