კახა კალაძე: შემოვლითი რკინიგზა ხელს შეუწყობს ზუსტად „აბრეშუმის გზის“ პროექტის განხორციელებას”

ენერგეტიკის მინისტრის, ვიცე-პრემიერ კახა კალაძის განცხადებით, თბილისის შემოვლითი რკინიგზის პროექტი შეტანილი ცვლილებების შემდეგ, აუცილებლად განხორციელდება.
როგორც მინისტრმა „საზოგადოებრივი მაუწყებელის“ პირდაპირ ეთერში ჩართვისას განაცხადა, თბილისის შემოვლითი რკინიგზა „აბრეშუმის გზის“ პროექტის განხორციელებისას ხელს შეუწყობს საქართველოს რკინიგზის გამტარუნარიანობოს გაზრდას.
„ძალიან სერიოზული ცვლილებები შედის აღნიშნულ პროექტში. პირველადი წარმოდგენილი პროექტი, რომელიც იყო წინა ხელისუფლების დროს დადებული, როდესაც მას ექსპერტიზა ჩაუტარდა, გამოიკვლიეს, რომ ეს პროექტი იყო გამოუსადეგარი იმ თვალსაზრისით, რომ მოცულობების გადაზიდვის უნარიანობა მცირდებოდა ამ პროექტის განხორციელების შემთხვევაში. ფაქტიურად წელიწადნახევრიანი მუშაობის დროს დაიდო სრულიად განსხვავებული პროექტი. თუმცა პროექტი აუცილებლად განხორციელდება, რადგან ეს ხელს შეიწყობს ზუსტად „აბრეშუმის გზის“ პროექტის განხორციელებას. დამატებითი მოცულობები, როდესაც წამოვა ჩინეთიდან, ჩვენ გვექნება შესაძლებლობა, რომ ჩვენი რკინიგზა იყოს უფრო გამტარუნარიანი. ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ყარსი-ახალქალაქის რკინიგზით, რომელიც დასრულებულია, ჩვენ გვექნება შესაძლებლობა თურქეთს დავუკავშირდეთ და თურქეთის მიმართულებით განვახორციელოთ გადაზიდვები რკინიგზის საშუალებით. საერთო ჯამში, ეს ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის განვითარებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია“, – განაცხადა კალაძემ.
თბილისის შემოვლითი რკინიგზის პროექტის განხორციელება წინა ხელისუფლების დროს დაიწყო, თუმცა ცვლილებების შეტანის მიზნით პროექტი 2013 წელს შეჩერდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები