გიგი უგულავას ადვოკატები განაჩენის გამამტყუნებელ ნაწილს სააპელაციო წესით გაასაჩივრებენ
გიგი უგულავას ადვოკატები მოსამართლის მიერ დღეს მიღებული განაჩენის გამამტყუნებელ ნაწილს სააპელაციო წესით გაასაჩივრებენ. ამის შესახებ საქალაქო სასამართლოში განაჩენის გამოცხადების შემდეგ გიგი უგულავას ადვოკატმა ბექა ბასილაიამ განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, უგულავას დაცვის მხარე ყველა სამართლებრივ ზომას მიმართავს.
“გადაწყვეტილებას გავასაჩივრებთ არა მხოლოდ სააპელაციო სასამართლოში, ჩვენ ნებისმიერ სამართლებრივ გზას მივმართავთ, ნებისმიერ იმ სამოქალაქო აქტივიზმის გზას მივმართავთ, რაც გიგი უგულავას გასათავისუფლებად იქნება საჭირო“, – განაცხადა ბექა ბასილაიამ.
თბილისის ყოფილი მერი ე.წ. მატროსოვის ციხეში გადაიყვანეს, საიდანაც ის გუშინ, 15-თვიანი პატიმრობის შემდეგ გაათავისუფლეს. საქალაქო სასამართლოს გუშინდელ გადაწყვეტილებას საფუძვლად დაედო საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტლება, რომლის მიხედვითაც, გიგი უგულავას სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. თბილისის საქალაქო სასამართლომ რიყის ტერიტორიისა და “თბილსერვისის” საქმეზე თბილისის ყოფილ მერის, გიგი უგულავას მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანა, დავით კეზერაშვილი კი გაამართლა. მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძემ გიგი უგულავას 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, თუმცა ამნისტიის შესახებ კანონის გათვალისწინებით, გიგი უგულავას საბოლოოდ სასჯელის სახედ და ზომად 4 წელი და 6 თვე განესაზღვრა.